არჩილ თალაკვაძე: სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიდა „მინისტრის საათის“ ფორმატი, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი – პარლამენტმა შეიძინა რეალური ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის განხორციელებით
„პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ გაიმართა „მინისტრის საათი“. ეს არის ფორმატი, რომელიც სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შემოვიდა, როგორც საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი და ამ და სხვა ფორმატებში, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, – პრემიერ მინისტრის და მინისტრების ვიზიტები, მათი მოსმენები და პოლიტიკური დებატები, მხოლოდ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში აღემატება ჯამურად, წინა თუნდაც 20 წლის მაჩვენებლებს. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა შეიძინა რეალური ფუნქცია, როცა ის ახორციელებს ზედამხედველობას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია წლების განმავლობაში ცდილობდა სპეკულირებას, რომ მინისტრები არ მოდიან და პრემიერ-მინისტრი არ მოდის.
„მაგრამ მივედით იქ, რომ მთავრობის წარმომადგენლები მოდიან პარლამენტში, მაგრამ არ მოდის ოპოზიცია და ხედავთ, ძალიან ცოტა წარმომადგენელია დღეს აქ ოპოზიციიდან და ვინც აქ არის, მათ უბრალოდ განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს იყო დესტრუქციული ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, რომ მათზეც მოეხდინათ ზეწოლა, რომ ისინიც არ ყოფილიყვნენ დღეს ამ დარბაზში. თუმცა რადიკალურ ოპოზიციასაც ბევრჯერ მოუწია ამ დარბაზში დაბრუნება და რამდენიმე დღის წინ დაანონსებული ბოიკოტის შემდეგ, უკვე დააანონსეს, რომ დაბრუნდებიან.