ერდოღანი: თურქეთი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 200 000-მდე სახლს ააშენებს
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში 200 000-მდე ახალ სახლს ააშენებს.
როგორც მან აღნიშნა, დაზარალებულ პროვინციებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და ჯამში, 199 739 ახალი სახლი აშენდება.
„ამ შენობებიდან არცერთი არ იქნება სამ-ოთხ სართულზე მეტი“, – განაცხადა ერდოღანმა მას შემდეგ, რაც თურქეთში ძლიერმა მიწისძვრებმა მაღალსართულიანი კორპუსების ნგრევა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ქვეყანაში 41 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად, მილიონობით პირი უსახლკაროდ დარჩა.