თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოქთაიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ცუნამის საშიშროება მოხსნილია.
„ჩვენს საავადმყოფოებში რვა დაშავებული გვყავს შემოყვანილი. საზოგადოებას ვთხოვ, რომ არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში, მით უმეტეს, თავიანთი ნივთების ასაღებად“, – აღნიშნა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა.
მიწისძვრის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა სირიაშიც.
როგორც სირიის სამოქალაქო თავდაცვის განყოფილება „თეთრი ჩაფხუტი“ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად რამდენიმე აივანი და კედელი ჩამოინგრა.
„შენობის ნამსხვრევების ჩამოვარდნისა და სიმაღლიდან ჩამოხტომის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გარდა ამისა, ჯენდერესში, ალეპოს ჩრდილოეთით, ორი დაუსახლებელი შენობა და მეჩეთის მინარეთი ჩამოინგრა“, – წერს ორგანიზაცია ტვიტერზე.
შეგახსენებთ, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ადგილობრივი დროით 20:04 საათზე 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჰათაის პროვინციაში, დეფნეს მუნიციპალიტეტში მდებარეობდა. გარდა ამისა, სტიქიიდან 3 წუთის შემდეგ, კიდევ ერთი, 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი სამანდაგის რაიონში მდებარეობდა.