ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის” ხელმძღვანელობას შეხვდა

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი კომპანია „დოპელმაიერის” აღმასრულებელ დირექტორ ტომას პიხლერს, ექსპორტის დირექტორ ალექსანდერ კლიმერს, რეგიონალურ დირექტორ ვალერი იაშინსა და სამხრეთ კავკასიის დირექტორ ნიკოლოზ გრძელიძეს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე – მარიამ ქვრივიშვილი და მთის ტრასების კომპანიის დირექტორი, ირაკლი ბურჭულაძე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „დოპელმაიერი” საქართველოში ხვალ სამუშაო შეხვედრას ატარებს პარტნიორებთან რეგიონის 7 ქვეყნიდან, რომლის 40-მდე მონაწილე ადგილზე გაეცნობა საქართველოს მთავრობის მიერ ზამთრის კურორტების, განსაკუთრებით კი, სამთო – სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების წარმატებულ მაგალითებს.
ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის მონაწილეთა ვიზიტი ბაკურიანში, სადაც ისინი ადგილზე ნახავენ კურორტზე არსებულ ინფრასტრუქტურას და მიმდინარე ჩემპიონატს. ავსტრიული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიულოცა ქართულ მხარეს მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გამო და აღნიშნა, რომ დასახულ ამოცანას ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი. ითქვა, რომ საქართველო კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება მყარი და თანამიმდევრული პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქვეყანაში განავითარო საერთაშორისო სტანდარტის სამთო კურორტი. შეხვედრაზე „დოპელმაიერის” წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც საქართველოში სამომავლოდ შეიძლება განვითარდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები