DIB სკოლაში კიბერტერორიზმის შესახებ ლექცია ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კიბერტერორიზმის საფრთხეების შესახებ ლექცია ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი მიესალმა და კიბერტერორიზმის საკითხებზე ისაუბრა. ლექციას კიბერტერორიზმის მკვლევარი თათია მოსიძე გაუძღვა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო კიბერტერორიზმის, როგორც გლობალური საფრთხის აღქმის, განსაზღვრისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებებსა და ტექნიკას. შეხვედრა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებასა და ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონთან“ და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.