პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიესაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში, დ. გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ” და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.