„აფხაზეთის რესპუბლიკის, თვითმარქვია ე.წ. პრეზიდენტი 10 დღით მოსკოვში დაიბარეს, სავარაუდოდ, ის კრემლის პოლიტიკური მძევალი გახდა“ – ვახტანგ მაისაია
თვითმარქვია, აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი 10 დღით მოსკოვში დაიბარეს, სავარაუდოდ, ის კრემლის პოლიტიკური მძევალი გახდა, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაისაია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში „სამუშაო ვიზიტს“ გამოეხმაურა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ძალიან საინტერესო ვითარებაა. მოგეხსენებათ, თვითმარქვია, აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტი მოსკოვში დაიბარეს. ის 10 დღეს მოსკოვში უნდა იყოს. ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბა იმიტომ, რომ რუსეთის არა მარტო პოლიტიკურმა, არამედ ეკონომიკურმა ექსპანსიამ გარკვეულ მწვერვალს მიაღწია. რუს ბიზნესმენებსა და ადგილობრივ მეწარმეებს, საქართველოს მოქალაქეებს შორის, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, პირდაპირი დაპირისპირება დაიწყო. დაპირისპირებამ სერიოზულ პიკს მიაღწია. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი უთხრა ე.წ. ვაგნერის სამხედრო დაჯგუფებას, რომ იქ ე.წ. სამხედრო ბაზები განეთავსებინა, რათა იქ დაქირავებული მებრძოლები მომზადებულიყვნენ. როგორც დაუდასტურებელი ინფორმაციითაა ცნობილი, დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე აფხაზი „მოხალისეების“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგზავნა შეზღუდა. როგორც ჩანს, ეს საკითხი კრემლის მიერ საკმაოდ მწვავედ დაისმება. როგორც ჩანს, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ბჟანია მოსკოვში გამოიძახეს და, სავარაუდოდ, ის კრემლის პოლიტიკური მძევალი გახდა. საერთოდ, პრეზიდენტები, ასეთი ადამიანები 2 თუ თ 3 კვირის განმავლობაში სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, ხომ? ეს ნიშნავს იმას, ვინ მართავს ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკურ პროცესებს. ესეც გარკვეული ლუსტრაციაა“, – განაცხადა მაისაიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია „სამუშაო ვიზიტით“ მოსკოვში იმყოფება. ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბაც გაემგზავრა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბჟანია მოსკოვში, სავარაუდოდ, 7-10 დღეს დარჩება.