ნასვამი მძღოლების დასჯა ლატვიაში – მათ ავტომობილებს უკრაინას გადასცემენ

ლატვიის პარლამენტმა უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კანონში ცვლილება დაამტკიცა, რომელიც  ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები უკრაინისთვის გადაცემის საშუალებას იძლევა.

სააგენტო LETA-ს ცნობით, ავტომობილების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ლატვიის მთავრობა მიიღებს.

მიმდინარე კვირას სამთავრობო კოალიცია შეთანხმდა, რომ მანქანების გადაცემა უკრაინული არმიისთვის იქნება შესაძლებელი.

„ამჟამად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული მანქანები გავყიდოთ, გადავამუშაოთ ან სათადარიგო ნაწილებისთვის მათი დემონტაჟი მოვახდინოთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამჟამინდელ პირობებში ისინი უკრაინელი ხალხისთვის სასარგებლო მხარდაჭერა იქნება”, – განაცხადა თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, რაიმონდ ბერგმანისმა.

ლატვიაში ნასვამი მძღოლებისთვის მანქანების ჩამორთმევის შესახებ კანონი გასულ წელს მიიღეს.

ავტომობილის ჩამორთმევა იმ შემთხვევაში ხდება, თუ მძღოლს სისხლში 1,5 ppm-ზე მეტი ალკოჰოლი ან ნარკოტიკების კვალი აღენიშნება, ასევე, თუ მან უარი თქვა ალკოჰოლისა და ნარკოტიკის ტესტზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები