დიმიტრი ხუნდაძე: კანონის შემუშავებისთვის საფუძვლად ავიღეთ ამერიკული ვარიანტი, თუმცა, ეს არ არის სრული ანალოგი – ჩვენი ვარიანტი უფრო შემსუბუქებულია
“სიმართლესთან კავშირი არ აქვს იმას, რომ ეს თითქოს რუსული კანონია”, – ამის შესახებ ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ხუნდაძის თქმით, კანონს საფუძვლად ამერიკული კანონის ვარიანტი აქვს, თუმცა, მისი სრული ანალოგი არ არის.
“ასეთი კანონი არსებობს აშშ-ში, რომელიც 1938 წლიდან მოქმედებს. არსებობს ისრაელშიც, რომელიც მოქმედებს 2016 წლიდან. ასევე არსებობს ავსტრალიაში, უნგრეთში და ა.შ. მათ შორის არსებობს რუსეთში, მაგრამ იქ აბსოლუტურად სხვა ფორმა და გამოყენება აქვს. ამ კანონის შემუშავებისთვის საფუძვლად ავიღეთ ამერიკული ვარიანტი, თუმცა ეს არ არის სრული ანალოგი და ჩვენი ვარიანტი უფრო მეტად შემსუბუქებულია. ჩვენს მიერ კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ, ევროკავშირში EPP-ის ინიციატივით, დაიწყო საჭიროებასა და ინიცირებაზე მუშაობა, თუმცა ნედ პრაისის განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი მათ ინიციატივაზე. ხედავთ, რომ ამის საჭიროება არის ამერიკაშიც, ისრაელშიც და ევროპაშიც დადგა. ევროკავშირში დაიწყეს ამაზე საუბარი – ეს განპირობებულია საერთო გლობალური რეალობიდან, იმ რისკებიდან, რის წინაშეც ყველა ვართ. საქართველო გამორჩეული რისკების ქვეშაა – ჩრდილოელი მეზობელი ყოველთვის ცდილობს იქონიოს გავლენა საქართველოზე და ხშირად ახერხებს კიდეც“,- განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში “ხალხის ძალამ” დააინიცირა. ნედ პრაისის განცხადებით კი, კანონპროექტი ჩანს, რომ მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. პრაისის თქმითვე, განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია.