გიორგი ცუცქირიძე: ქვეყანაში დასავლური ვექტორი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, დასავლეთთან ჭიდაობა და გარკვეული გაუგებრობები კი დასრულდეს

ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს დასავლური ვექტორი, დასრულდეს ჭიდაობა და გარკვეული გაუგებრობები დასავლეთთან, პრობლემური თემებიც წმინდა დიპლომატიურ სივრცეში და თანამშრომლობის ახალ ფორმატში უნდა გადავიდეს! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საზღვრებს ჩაკეტავს და სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების ფაზაში გადავა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ახალი „რკინის ფარდის“ ნაწილად არ იქცეს.

„ამ პოსტის დადება რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავმა გადამაწყვეტინა. გასული წლის 24 თებერვლის რუსული ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე, და ცოტა ადრეც, როდესაც უკვე ცხადი იყო რუსული იმპერიული გეგმის სტრატეგიული გადაწყვეტილება.

დღეს არაერთი საექსპერტო აზრი იხრება იმისკენ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხული უნდა გახდეს ამ ომის თავისებური გარდამტეხი წერტილი, რაც ომის დასრულების სავარაუდო კონტურებს და დროს გამოკვეთავს.

მიმაჩნია, რომ აღნიშნული თვალსაზრისი სავსებით ლოგიკურია თუ ძალთა თანაფარდობასაც გავიაზრებთ.

პირველი დაშვება ომის დასასრულისკენ მიმართებისა იქნებოდა შეფასება, იყო თუ არა რუსული არმია იმაზე ძლიერი, ვიდრე დღეს არის, როდესაც გასული წლის 24 თებერვალს განახორციელა ინტერვენცია უკრაინის აღმოსავლეთ და ცენტრალურ ნაწილში კიევის მიმართულებით? მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ საბრძოლო მოქმედებები იმ პერიოდში კიევის გარეუბანშიც კი მიმდინარეობდა, რაშიც ჩართული იყო  რუსეთის წამყვანი სამხედრო დანაყოფები და  საბრძოლო ტექნიკა, აქ ვგულისხმობ დღევანდელთან შედარებით უკეთეს საბრძოლო მანქანებსაც და საჰაერო-სარაკეტო დივიზიებსაც, ადამიანურ რესურსთან ერთად. ამასთან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ერთი წლის თავზე, რუსეთმა დაკარგა ცოცხალი ძალის სახით თავისი წამყვანი არმიების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, რუსეთის სამხედრო პოტენციალი უნდა შემცირებულიყო და ნაკლებად სავარაუდოა რომ გაზრდილიყო!

კიდევ ერთ ფაქტორს გამოვყოფდი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ომამდე რუსეთში ოპერირებდა არა მხოლოდ წამყვანი დასავლური კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი, არამედ რუსეთს თავისუფლად შეეძლო თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიების შესყიდვაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისათვის, თანამედროვე სამხედრო ტექნიკის შესაქმნელად!

ომის დაწყებამდე საპირისპირო სურათი იყო უკრაინის მხარეს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ყირიმის ფაქტობრივად უბრძოლველად დაკარგვის შემდეგ, უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები პერიოდულად განახლდებოდა ხოლმე, შედარებით ნაკლები ჰქონდა თანამედროვე  ჰაერსაწინააღმდეგო თუ სანაპირო დაცვის სისტემები, არა თუ მნიშვნელოვნად ნაკლები, არამედ გაცილებით მოძველებული ტანკები და ჯავშანმანქანები ჰქონდა.

და ასეთი დისპროპორციისას, უკრაინის არმიამ, მიუხედავად აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე დიდი დანაკარგებისა, დასავლეთის მინიმალური სამხედრო დახმარების ფონზე, მაინც არ დათმო კიევი, დონეცკი და ხარკოვი, ხოლო წლის განმავლობაში ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნებაც კი შეძლო.

სამხედრო ექსპერტული ანალიზი მათ შორის რუსულიც, იხრება იმ აზრისაკენ, რომ დღევანდელი რუსული სამხედრო კონტიგენტი შევსებული ძირითადად რეზერვისტებისაგან,  მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება იმ პროფესიული არმიის ნაწილების მომზადების დონეს, რომელიც რუსეთმა დღემდე დაკარგა წარუმატებელი სამხედრო ოპერციებისას, ხოლო რუსეთის არმიას დღეს ომი ფაქტობრივად ნატოს მომზადების დონის უკრაინულ ქვეგანაყოფებთან უწევს!

რუსეთის არმიის საპირისპიროდ, უახლოეს ხანებში უკრაინა მიიღებს გაცილებით მაღალი ტექნოლოგიის საბრძოლო მანქანებს და უფრო მაღალი კლასის თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს და აღჭურვილობას. უკრაინის სამხედრო კონტინგენტში კიდევ უფრო გაიზრდება იმ ოფიცერთა და მეომართა წილი, ვინც მაღალი დონის მომზადება გაიარა NATO-ს ქვეყნების პოლიგონებზე.

მოსალოდნელი განვითარების სცენარებიც ჩემი შეფასებით რამდენიმე შეიძლება იყოს:

პირველი, ყველაზე ნაკლებად სავარაუდო სცენარია რუსეთის გამარჯვება, რაც ნიშნავს 24 თებერვლის ინტერვენციამდეც რუსული ულტიმატუმის წაყენებას დასავლეთისათვის. ამ სცენარში ნატო როგორც სამხედრო ბლოკი, ფაქტობრივად შეწყვეტს არსებობას, რადგან რუსეთი სტატუს კვოს აღდგენას დასავლეთთან ნატო-ს გაფართოებამდე არსებულ საზღვრებში ითხოვს, რაც პრაქტიკულად ნატო-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების რუსული გეოპოლიტიკური გავლენის ქვეშ დაბრუნებასაც ითვალისწინებს, ბალტიის ქვეყნებთან ერთად.

ამ სცენარში, მთლიანად შეიცვლება თავად რუსეთის მმართველობითი პოლიტიკური სისტემაც და იგი ჩინური სახელმწიფო კაპიტალიზმის მოდელში უფრო გადავა, პოლიტიკური ოპოზიციის ფაქტობრივი გაუქმებით!

თავის მხრივ, გლობალური პოლიტიკური გავლენების ღია დომინანტად წარდგება ჩინეთი თავის მზარდი გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ამასთან, ნატო-ს ფაქტობრივად დაშლის პირობებში, შეიცვლება ევროპის პოლიტიკური არქიტექტურაც, ევროპის ქვეყნებში გაძლიერდება ნაციონალისტური და განსაკუთრებით მარქსისტული ტენდენციები, რაც დღემდე არსებული ლიბერალური დღის წესრიგის ალტერნატივა გახდება.

მოსაზრება, რომ უკრაინას ახალი ზავის პირობებში შეიძლება  მოუწიოს ტერიტორიების დროებით დათმობა, ისევ რუსეთის გამარჯვებას ნიშნავს, იგი ვერ დააკომპენსირებს უკრაინელი ხალხის ფიზიკურ და მორალურ დანაკლისს, რასაც თავად უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად დასავლეთის პოლიტ ელიტაც გადაჰყვება. ეს ე.წ. ტერიტორიების დროებითი დათმობა ჩვენ უკვე ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე და სხვა არაფერია თუა რა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების აღიარება!

სერიოზული ძვრები მოხდება თვით ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან რუსული იმპერიული პოლიტიკის გამარჯვება, ავტომატურად აშშ-ის როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური მეგაპოლისის დასამარებასაც უდრის…

ეს არის მომავლის ანტილიბერალური დღის წესრიგი, ოღონდ ეს არ იქნება მხოლოდ ფაშიზმი და რადიკალური ნაციონალიზმი, ფაშიზმზე უფრო მეტი პრაქტიკული გარდასახვა თეორიიდან და უფრო მყარიც მოახდინა მარქსიზმმა სოციალიზმის სახით, ყველა ამ ტენდენციას მხარს დაუჭერს ჩინეთი და მსოფლიო რყევებიც არა იმდენად ნაციონალურ პატრიოტულ პოლიტ ნარატივზე გადავა, არამედ მარქსისტულ პლატფორმაზე, რომლის გავლენაც სულ უფრო მზარდია ევროპაშიც და აშშ-შიც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ელიტებს ჰიტლერი უფრო აწყობდათ, ვიდრე მარქსიზმი, რომელიც ამ უკანასკნელისგან განსხვავებით სწორედ მათი დაგროვებული ქონების ექსპროპრიაციის ეგზისტენციური საფრთხის მატარებელი იყო და ასეთად რჩება დღემდე!

ვფიქრობ, ამ ყველაზე რადიკალური სცენარის საპირისპიროდ, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში, რაც უფრო რეალისტურია, რადგან ფაქტობრივადაც ეს არის ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთს რჩება ორი არჩევანი, პირველი, ჩაკეტოს საზღვრები და ჩამოაფაროს ახალი „რკინის ფარდა“ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებით, რაც რუსეთის ფედერაციის უცილობელი დაშლის შესაჩერებლად იქნება გამოყენებული. თუმცა შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს დაშლისაგან ვერც ეს იხსნის, პუტინისტურად დარჩება თუ პოსპუტინისტური მმართველობის პირობებში იქნება.

მეორე, შედარებით რბილი სცენარია რუსეთის შესვლა პოსპუტინისტურ ერაში, სადაც რუსეთი შეიძლება დარჩეს დღევანდელ საზღვრებში, და მოახდენს რა ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, როგორც უკრაინაში, ისე მოლდოვასა და საქართველოში, დასავლეთთან შეთანხმდება თამაშის ახალ წესებზე, საერთაშორისო სანქციების გაუქმებით.

საქართველოსთვის ყველაზე სასურველი ეს ბოლო სცენარია, ამ შემთხვევაში ქვეყანა არა მხოლოდ დაიბრუნებს შუა დერეფნის ისტორიულ ფუნქციას, მრავალგანზომილებიანი ჰაბად ქცევის თვალსაზრისით, არამედ ტერიტორიული გამთლიანების სერიოზულ შანსსაც მიიღებს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს დასავლური ვექტორი, დასრულდეს ჭიდაობა და გარკვეული გაუგებრობები დასავლეთთან, პრობლემური თემებიც წმინდა დიპლომატიურ სივრცეში და თანამშრომლობის ახალ ფორმატში უნდა გადავიდეს!

ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ, რომ გაცილებით არასასურველი სცენარისას, თუ რუსეთი ჩაკეტავს საზღვრებს და გადავა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების ფაზაში, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ამ ახალი „რკინის ფარდის“ ნაწილად არ იქცეს, რადგან რუსეთი ეცდება ყველა ის ქვეყანა მოაქციოს თავისი გავლენის სფეროში, სადაც ეს გაუვა.

რუსეთის გამარჯვების შესაძლო სცენარს აქ ნაკლებად განვიხილავ, და არც ღირს განსახილველად, რადგან ეს ყველაზე ნაკლებად მოსახდენად მიმაჩნია, თუ წარმოუდგენლად არა ისიც მინიმალური 1 პროცენტიანი დაშვებით. ამ სცენარში საქართველო უბრალოდ შეწყვეტს არსებობას როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, გახდება რა უნიტარული ახალი რუსული იმპერიის პერიფერია დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტის დაკარგვით, აფხაზეთსა და ცხინვალზე აღარაფერს ვიტყვი, დღევანდელი სიტუაციაც კი სანატრელი შეიძლება გაგვიხდეს!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები