იუსტიციის სახლსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სახლსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სულ მალე იუსტიციის სახლში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყველა სერვისის მიღება გახდება ხელმისაწვდომი.

მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, კომისიას ადგილზე, იუსტიციის სახლშივე მიმართონ განცხადებით ან მომსახურე კომუნალურ კომპანიაზე საჩივრით.

პირველ ეტაპზე, მემორანდუმის ფარგლებში, განხორციელდება სერვისის გაცემისთვის აუცილებელი ტექნიკური და პროგრამული საკითხების უზრუნველყოფის სამუშაოები, გადამზადდებიან წინა ხაზის თანამშრომლები.

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში მოაწერეს ხელი. ორივე უწყების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ სერვისების დანერგვით იუსტიციის სახლი სრულად მოიცავს ენერგოსექტორსა და მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის სფეროს.

დღეისთვის მომხმარებელი იუსტიციის სახლების 117 ფილიალის მეშვეობით უკვე იღებს ენერგოსექტორში მოქმედი კომპანიების სერვისებს; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სერვისების აბსოლუტური სპექტრით სარგებლობა კი, მომხმარებელს უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები