ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია შეიქმნას საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმები.
„ემიგრაციის აღრიცხვის გამართული სისტემის არარსებობის გამო, საქართველოდან შრომითი ემიგრანტების შესახებ სტატისტიკური მონაცემები სრულყოფილი არ არის. ამასთან, პოტენციური შრომითი ემიგრანტების დიდი ნაწილი სარგებლობს შუამავალი ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებით, რომელთა კომპეტენციასა და მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელი არავინაა. შედეგად, საკმაოდ ხშირია სამუშაოს მაძიებლების მოტყუებისა და მათი უფლებების დარღვევის შემთხვევები”, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების სავალდებულო სერტიფიცირებას. სერტიფიცირების პროცედურები საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის უფასო იქნება. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი დამსაქმებლების მიერ საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემების სავალდებულო რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილ ონლაინ სისტემაში და ამ მონაცემების ბაზაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელზე საიმიგრაციო ვიზის გაცემას.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მონიტორინგს უზრუნველყოფს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახური. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაა.