საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

პარლამენტის ინფორმაციით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა; დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა.

დოკუმენტში გაწერილია საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის და ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. მიმდინარე წელს კომიტეტის სტრატეგიულ მიზანს ასევე, წარმოადგენს საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა ქვეყნის გარეთ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზების მიზნით და მისი საქმიანობის შესახებ კომუნიკაციის გაუმჯობესება ქვეყნის შიგნით. საპარლამენტო ღიაობის პრინციპიდან გამომდინარე, დოკუმენტი ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორსა თუ მედია საშუალებებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას საკანონმდებლო პროცესში, საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან.

2023 წლის სამოქმედო გეგმა კოლეგებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ წარუდგინა. სხდომაზე ასევე განიხილეს, „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (“KFW”), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, შორის სასესხო შეთანხმება.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სასესხო შეთანხმება ეფუძნება საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის 2021 წლის 4 ნოემბერს გაფორმებულ ოქმს განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნული ოქმის საფუძველზე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოსთვის გამოყოფს 53 მლნ. ევროს ოდენობის სესხს 15 წლის ვადით, მათ შორის 5 წელი შეღავათიანია, საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე. აღნიშნული თანხა მოხმარდება ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ბათუმის ტერიტორიაზე თანამედროვე წყლის სისტემების მოწყობა, სანიაღვრე სისტემების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვა. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე 2 მლნ. ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფაც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თანმდევ საკითხებთან ერთად, „შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა და წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკითხი განსახილველად სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ წარადგინა. „უკანასკნელი ათლწლეულის განმავლობაში მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო მიგრაცია და ამ გლობალური მიგრაციული პროცესების მიღმა არც საქართველო დარჩენილა. პოტენციური შრომითი ემიგრანტების დიდი ნაწილი ე.წ. შუამავალი კომპანიების – სააგენტოების მომსახურებით სარგებლობს, რომელთა კომპეტენციას და მომსახურების ხარისხზე პასუხისმგებელი ორგანო ამ ეტაპამდე არ არსებობს და შედეგად კი, საკმაოდ დიდია სამუშაოს მაძიებელთა მოტყუების და მათი უფლებების დარღვევის რისკი”, – აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში შრომითი მიგრაციის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის ხელშეწყობასა და არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევების შემცირებას; საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებას და განვითარების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. კანონპროექტთა პაკეტით გათვალისწინებულია შრომითი მიგრანტებისთვის ხარისხიანი საშუამავლო მომსახურების შეთავაზება, მათი შრომითი და სოციალური უფლებების დაცვა; შუამავალი კომპანიების საქმიანობის ლეგალიზაცია; საზღვარგარეთ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები