„სავარაუდოდ, რაიმე ტიპის ხელჩასაჭიდი რომ არ ყოფილიყო პრემიერის მხრიდან, სურსათზე ფასების რეგულირების საკითხის შესახებ საუბარი არ იქნებოდა“ – ეკონომისტი ოთარ ანგურიძე
,,პრემიერის ახალი ინიციატივა მოვისმინეთ, რომლის შესახებაც მან გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ ამჯერად სასურსათო პროდუქციის ფასების მონიტორინგი და შესწავლა დაიწყონ. უნდა აღინიშნოს, რომ, სავარაუდოდ, რაიმე ტიპის ხელჩასაჭიდი რომ არ ყოფილიყო პრემიერის მხრიდან, ამაზე საუბარი არ იქნებოდა“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ანგურიძე სასურსათო პროდუქციაზე ფასების რეგულირების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრემიერის ინიციატივას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, იმის შემდეგ, რაც ამ სექტორისა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია მოხდება, დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასების შემცირების ტენდენცია იქნება.
„ჩვენ გასულ წელს პრემიერის მხრიდან ორი ასეთი რეაგირება ვნახეთ: ფარმაცევტულ ბაზარზე და ნავთობკომპანიებთან მიმართებით. ორივე შემთხვევაში ამან თავისი შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ, ფარმაცევტულ კომპანიებს გარკვეული სახის მედიკამენტებზე ზღვრული მოგების მარჟა დაუწესდათ და, მეორე მხრივ, თურქეთის ბაზარი გაიხსნა, რამაც საქართველოს ბაზარს საშუალება მისცა, რომ ერთგვარი ფასების კლების ტენდენცია შექმნილიყო. ასევე, ნავთობკომპანიებთან მიმართებით ვნახეთ, რომ მთავრობის ჩარევა მოხდა და საწვავზე ფასების ზრდის შესწავლა დაიწყო. ამანაც გარკვეული სახის ცვლილება მოტანა და ფასები საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით შემცირდა. საწვავზე ფასების შემცირების ტენდენცია დღესაც ვრცელდება.
ამჯერად, მოვისმინეთ პრემიერს ახალი ინიციატივა, რომლის შესახებაც მან გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ ამჯერად სასურსათო პროდუქციის ფასების მონიტორინგი და შესწავლა დაიწყონ. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ, სავარაუდოდ, რომ არ ყოფილიყო რაიმე ტიპის ხელჩასაჭიდი პრემიერის მხრიდან, ამაზე საუბარი, არ იქნებოდა. იმდენად რამდენადაც, მოგეხსენებათ, ნებისმიერი კომპანია გადასახადის გადამხდელია, შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მათ საბალანსო, მოგება-ზარალის უწყისებს, შემოსავალ-გასავლის ცხრილებს უყურებს და კარგად ხედავს, თუ რომელ პროდუქტზე რა სახის მოგების მარჟაა დაწესებული და როგორ განკარგავს ამ კაპიტალს ესა თუ ის კომპანია. აქედან გამომდინარე, პრემიერის ამ ინიციატივას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში, იმის შემდეგ, რაც ამ სექტორისა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია მოხდება, დროის გარკვეულ მონაკვეთში ფასების შემცირების ტენდენცია იქნება. იმიტომ, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენცია გვაქვს. დღესაც საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოქვეყნდა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის იანვრის თვე სხვა ანალოგიური პერიოდის თვეებთან შედარებით რეკორდული იყო, უნდა ითქვას, რომ 2023 წლის იანვრის პერიოდი უკვე 38 %-ით უფრო მეტჯერაა გაზრდილი, ვიდრე გასულ წელს იყო. ექსპორტის მაჩვენებელმა თითქმის 460 მილიონი შეადგინა, ხოლო ჯამურად საგარეო ვაჭრობის დინამიკამ დაახლოებით მილიარდ-ნახევარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები ჩვენი ეკონომიკისთვის საკმაოდ კარგია, მით უმეტეს, დღევანდელი მოცემულობით. როცა საგარეო ვაჭრობა ასეთი გააქტიურებულია, ქვეყანაში ინვესტიციების ასეთი შემოდინება გვაქვს, ფულადი გზავნილები საკმაოდ გაზრდილია, ტურისტების ნაკადიც შემოდის, ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვას, თუ რატომ შეიძლება, ბევრი მიმართულებით ფასები ასეთ მაღალ ნიშნულზე იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გაძვირებული სურათის პრობლემაზე 6 თებერვალს ისაუბრა.
“რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ ისინი. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო და მინდა საზოგადოებას პირველადი მოკვლევის შედეგი წარვუდგინო.
ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე – მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის
და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინდა, დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით”, – განაცხადა პრემიერმა.