„საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენცია გვაქვს, ბუნებრივია, ჩნდება  კითხვა, თუ რატომ შეიძლება,  ფასები ბევრი მიმართულებით  ასეთ მაღალ ნიშნულზე იყოს  შენარჩუნებული“ – ეკონომისტი ოთარ ანგურიძე 

„საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენცია გვაქვს. როცა  საგარეო ვაჭრობა ასეთი  გააქტიურებულია, ქვეყანაში  ინვესტიციების ასეთი შემოდინება გვაქვს,  ფულადი გზავნილები საკმაოდ  გაზრდილია, ტურისტების ნაკადიც შემოდის, ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვას, თუ რატომ შეიძლება,  ბევრი მიმართულებით ფასები ასეთ მაღალ ნიშნულზე იყოს  შენარჩუნებული“, –  ამის შესახებ ეკონომისტმა, ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ანგურიძე  სურსათის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებასა და ინიციატივას   გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო  2 წელია, საქართველოს მუდმივად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. როგორც ანგურიძემ აღნიშნა, ამ ფონზე, როდესაც ქვეყანაში  მაღალი ფასების ტენდენციაა შენარჩუნებული,  ეს ეჭვის საფუძველს აჩენს.

„დღეს  ფასებსა  და საქართველოში არსებულ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ.   ამ თემამ ბოლო პერიოდში საკმაო აქტუალურობა შეიძინა. იმდენად,  რამდენადაც ჯერ, ერთი მხრივ, უკვე ჩამოყალიბდა ერთგვარი ტრენდი,  რომ კოვიდის შემდეგ  მთელს მსოფლიოში ფასები გაზრდილია, ეს ტრენდი,  ბუნებრივია, საქართველოზეც ყოველთვის გადმოდის ხოლმე.   მცირე ეკონომიკა, პატარა ქვეყანა  ვართ, შესაბამისად,  საერთაშორისო ფაქტორების გავლენა ძალიან მაღალია. თუმცა, ბოლო  2 წელია, საქართველოს მუდმივად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც როგორც ევროკავშირის, ასევე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის  პროპორციებთან მიმართებით უპრეცედენტოა.    ამ ფონზე,    როდესაც ქვეყანაში  მაღალი ფასების ტენდენციაა შენარჩუნებული,  რა თქმა უნდა, ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ ეჭვი იქნას შეტანილი, რაიმე მიმართულებით არასწორი ჩარევა და მომხარებელთა დაზიანება ხომ არ ხდება. ჩვენ გასულ წელს პრემიერის მხრიდან ორი ასეთი რეაგირება ვნახეთ: ფარმაცევტულ ბაზარზე და ნავთობკომპანიებთან მიმართებით. ორივე შემთხვევაში  ამან თავისი შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ,  ფარმაცევტულ კომპანიებს გარკვეული სახის მედიკამენტებზე  ზღვრული მოგების მარჟა დაუწესდათ და მეორე მხრივ, თურქეთის ბაზარი გაიხსნა, რამაც საქართველოს ბაზარს საშუალება მისცა, რომ  ერთგვარი ფასების კლების ტენდენცია  შექმნილიყო. ასევე, ნავთობკომპანიებთან მიმართებით ვნახეთ, რომ მთავრობის ჩარევა მოხდა და საწვავზე ფასების ზრდის შესწავლა დაიწყო.   ამანაც გარკვეული სახის ცვლილება მოტანა და  ფასები  საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით შემცირდა. საწვავზე ფასების  შემცირების ტენდენცია დღესაც ვრცელდება.

ამჯერად  მოვისმინეთ პრემიერს ახალი ინიციატივა, რომლის შესახებაც მან გასულ კვირას   მთავრობის სხდომაზე განაცხადა და შესაბამის სამსახურებს  დაავალა, რომ ამჯერად სასურსათო პროდუქციის ფასების   მონიტორინგი და შესწავლა დაიწყონ.  უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ, სავარაუდოდ, რომ არ ყოფილიყო რაიმე ტიპის ხელჩასაჭიდი  პრემიერის მხრიდან,  ამაზე საუბარი,    არ იქნებოდა. იმდენად რამდენადაც,  მოგეხენებათ, ნებისმიერი კომპანია გადასახადის გადამხდელია, შესაბამისად შემოსავლების სამსახური  მათ  საბალანსო,  მოგება-ზარალის უწყისებს,  შემოსავალ-გასავლის ცხრილებს   უყურებს და კარგად ხედავს, თუ რომელ პროდუქტზე რა სახის მოგების მარჟაა დაწესებული და როგორ განკარგავს  ამ კაპიტალს ესა თუ ის კომპანია.  აქედან გამომდინარე,  პრემიერის ამ ინიციტივას შესაბამისი რეაგირება  მოჰყვება  და უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში, იმის შემდეგ,  რაც  ამ სექტორისა  და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია მოხდება, დროის გარკვეულ მონაკვეთში  ფასების შემცირების ტენდენცია იქნება. იმიტომ, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ  საკმაოდ კარგი ეკონომიკური ტენდენცია გვაქვს.  დღესაც  საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გამოქვეყნდა.    მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის იანვრის თვე სხვა ანალოგიური პერიოდის თვეებთან შედარებით რეკორდული იყო,   უნდა ითქვას, რომ 2023 წლის იანვრის პერიოდი უკვე 38 %-ით უფრო მეტჯერაა გაზრდილი, ვიდრე გასულ წელს იყო. ექსპორტის მაჩვენებელმა  თითქმის 460 მილიონი შეადგინა, ხოლო ჯამურად საგარეო ვაჭრობის დინამიკამ  დაახლოებით მილიარდ-ნახევარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები ჩვენი ეკომომიკისთვის საკმაოდ კარგია, მით უმეტეს, დღევანდელი მოცემულობით.  როცა  საგარეო ვაჭრობა ასეთი  გააქტიურებულია, ქვეყანაში  ინვესტიციების ასეთი შემოდინება გვაქვს,  ფულადი გზავნილები საკამოდ  გაზრდილია, ტურისტების ნაკადიც შემოდის, ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვას, თუ რატომ შეიძლება,  ბევრი მიმართულებით ფასები ასეთ მაღალ ნიშნულზე იყოს  შენარჩუნებული“, – განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

მისივე თქმით,  ყველდღიური  მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა   სოციალურ მდგომარეობას აუარესებს. როგორც ანგურიძე აცხადებს,  მთავრობის მხრიდან კანონმდებლობის ფარგლებში ამ ტიპის ბაზარზეც   გარკვეული ჩარევა,  იმის  შესაძლებლობას იძლევა,  რომ  მოქალქეები სოციალურად  დაცულები იყვნენ.

„ფარმაცევტული კომპანიებისა და   ნავთობკომპანიების  შემთხვევაში,  ამ 2 პროდუქტზე ფასების დაბალი დონის შენარჩუნება  ქვეყნისთვის ერთგვარად სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.  ამ ორ პროდუქტზე  ფასების ცვლილება ჩვენი მოქალაქეების  სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირპროპორციულად  ჰპოვებს ასახვას.   ასეთი აზრია გავრცელებული, რომ თუ მომხმარებელი გაძვირებულ საფასურს იხდის, ე.ი მას  ამის შესაძლებლობა აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ პროდუქტის მოხმარებას შეწყვეტდა.  უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის   უმთავრესი პრიორიტეტია,  ყველაფერს გაიღებს იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა შენარჩუნებული იყოს, როდესაც მის ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, ყველაფერზე მიდის, ყველაფერს გაყიდის იმისათვის, რომ მისთვის საჭირო მედიკამენტები იყიდოს. ამიტომ, ასეთ დროს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ვალდებულებაა,  მისი მოქალაქეების დაცვა უზრუნველყოს, რათა  სოციალური მდგომარეობის გაუარესება არ მოხდეს. მით უმეტეს, როდესაც ჯერ კიდევ  სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ასეთი ტიპის პროდუქტებზე ფასების ზრდა,   ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების გაღარიბებას უწყობს ხელს.   მთავრობას შესაბამისი ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის პროდუქტებზე მონიტორინგი განახორციელოს და  ჩვენი მოქალაქეების უფლებები დაიცვას.  ამისთვის გვაქვს მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობა და სამსახური, მთავრობა როდესაც  მსგავსი ტიპის გადაცდომას დაინახავს, უწევს ჩაერიოს და ბაზარზე არსებული მდგომარეობა დაარეგულიროს,  კომპანიებს  საშუალება არ მისცეს,  რომ მისი თავისუფალი ნებით ველური ცხოვრების პრინციპით  იმოქმედონ  და ჩვენს მოქალაქეებს სოციალური ზიანი მიაყენონ. ვფიქრობ, რომ სურსათი სწორედ  იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროდუქციას წარმოადგენს.  შესაბამისად, ამ ტიპის, ყველდღიური  მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა    ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას აუარესებს. ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ბაზარზეც მთავრობის მხრიდან კანონმდებლობის ფარგლებში   გარკვეული ჩარევა,  ბუნებრივია, იმის  ძალიან  კარგ შესაძლებლობას მოგვცემს,  რომ  ჩვენი მოქალქეები სოციალურად  დაცულები იყვნენ და თავი  სოციალურად უსაფრთხოდ იგრძნონ.

ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით  ბევრი კრიტიკა მოვისმინე. ძირითადად, კრიტიკა  იმ კატეგორიის ხალხისგან მოდის, რომლებიც ცდილობენ, მათი ვექტორი  დასავლეთზე გაასწორონ.  თუმცა, თუ  დასავლეთის კანონმდებლობას  გადავხედავთ და  იქ არსებულ მდგომარეობას შევისწვალით, როგორც კონკურენციის, ისე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ვნახავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით  კანონმდებლობა    ჯერ კიდევ ძალიან ლოიალურია და დახვეწას საჭიროებს. დახვეწას იქითკენ, რომ ჩვენი კანონმდებლობა უფრო სრულყოფილი იყოს და მოქალაქებს მეტი სოციალური , სამართლებრივი გარანტიები  ჰქონდეთ. კრიტიკა ამ კატეგორიის ხალხისგან მიუღებელია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ, პირველ რიგში, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ასევე   აშშ-ში მომხარებელთა უფლებების შესახებ  და კონკურენციის შესახებ კანონები მკაცრადაა გაწერილი. როდესაც 2000-იანი წლების დახლოებით შუა პერიოდში,    როდესაც ხელისუფლებაში  „ნაციონალური მოძრაობა“  იყო,   ამ მიმართულებით აბსოლუტურად ყველა კანონმდებლობის გაუქმება მოხდა , მაშინ ასეთი აზრი იყო გავრცელებული, რომ ბაზარი ხარისხსაც დ ფასსაც თავად დაარეგულირებდა. თუმცა, ვნახეთ, რომ არათუ ბაზარმა დაარეგულირა, არამედ  ისეთი ეკონომიკური წყობა მივიღეთ, რომელიც მდიდრებს   უფრო მეტად გამდიდრების საშუალებას აძლევდა და ღარიბებს უფრო აღარიბებდა.  საშუალო ფენა, პრაქტიკულად, აღარ არსებობდა. დღესაც ჩვენი ეკონომიკა იმ პერიოდში  დაზიანებული, ჩვენი სოციალური  წყობის  ერთგვარი მომხარებელია და აქედან გამოსვლას დღემდე ვცდილობთ“, – განაცხადა ანგურიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გაძვირებული სურათის პრობლემაზე 6 თებერვალს ისაუბრა.

“რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ ისინი. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო და მინდა საზოგადოებას პირველადი მოკვლევის შედეგი წარვუდგინო.

ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე – მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის

და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინდა, დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით”, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები