ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, შევქმნათ ძლიერი, დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს; ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად
ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. დღეს უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე, ხოლო 2022 წლის 23 ივნისს კი ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე – “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსი საქართველოს შემდეგი ეტაპია.
„გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება. დასკვნის სახით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობების და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ შევქმნათ ძლიერი, დინამიური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამავდროულად ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. სამომავლოდ დაე გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია საქართველო იმის ნათელ მაგალითად იქცეს, თუ რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მისაღწევად საერთო სახალხო გაერთიანებით. ამის შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ჩვენ ხედვას რეალობად ვაქცევთ, მადლობა,”- აღნიშნა პრემიერმა.