ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ღონისძიებას გასული ღამის განმავლობაშიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ (ფოტო, ვიდეო)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თურქეთში, ქალაქ ადიამანში, რამდენიმესაათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ, ქართველმა მეხანძრე -მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 40 მეხანძრე-მაშველი თურქეთის რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა.
ქართველი მეხანძრე-მაშველები ძირითად ჯგუფს ქალაქ ადიამანში შეუერთდნენ. ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისათვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თურქეთში დაუყივნებლივ ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში. ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24- საათიან რეჟიმში აგრძელებს.