პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში” „გენდერული კვოტირების” წესთან დაკავშირებული ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა, 90 ხმით ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში” ცვლილება მიიღო, რომელიც „გენდერული კვოტირების” წესს შეეხება.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილება შეეხება „საარჩევნო კოდექსის” 203-ე მუხლს. მისი თქმით, ცვლილება ძირითადად ორ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს.
„მოქმედ კანონმდებლობაში საუბარია ამ კვოტების თაობაზე 2032 წლამდე. ჩვენ გვსურს, რომ ეს ვადა გადავწიოთ 2032 წლის ოქტომბრის ჩათვლით ჩასატარებელ არჩევნებთან მიმართებაში. ასევე, მოქმედი კანონით, როგორც პარლამენტიდან, ასევე საკრებულოდან ქალი დეპუტატის გასვლის შემთხვევაში, მას ანაცვლებს რიგით შემდეგი ქალი დეპუტატი, ხოლო მამაკაცის შემთხვევაში, მას ანაცვლებს მამაკაცი. გენდერული კვოტის გაზრდისა და ქალების პოლიტიკაში წახალისების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ მამაკაცის გასვლის შემთხვევაში მოხდეს მისი ჩანაცვლება არა მომდევნო მამაკაცით ავტომატურად, არამედ სიის მომდევო წევრით, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ სიის მომდევნო წევრი იყოს ქალი დეპუტატი”, – აღნიშნა მომხსენებელმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, გასულ წელს, საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში, სამუშაო ჯგუფმა ცვლილებების საკმაოდ მოცულობითი პაკეტი მოამზადა, რომელიც შემდგომ ვენეციის კომისიასა და ეუთო/ODIHR-ს წარედგინა და მათი დასკვნის საფუძველზე მაქსიმალურად მოხდა რეკომენდაციების გათვალისწინება. მისი თქმით, ცვლილებების მიღებით მოხდება „საარჩევნო კოდექსის” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან ჰარმონიზაცია.