ადვოკატი: ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას “საქართველოს ბანკში” მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს

“ბადრი ესებუა დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას “საქართველოს ბანკში” მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ განუცხადა.

ჯანაშიას თქმით, ესებუას განმარტებით, ის ბანკში საერთოდ არ იმყოფებოდა.

“ის დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას “საქართველოს ბანკში” მომხდარ ფაქტთან არაფერი აკავშირებს. მისი განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და იმ დღეს ის “საქართველოს ბანკში” არ იმყოფებოდა. მისი განმარტება ასეთია, რომ იმ დღის მერე, როცა გაჟღერდა მასობრივ საშუალებებში სახელი და გვარი, შეექმნა წარმოდგენა, რომ მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე, შესაბამისად, წლების განმავლობაში თავს არიდებდა პოლიციაში გამოცხადებას. ჰქონდა განცდა, რომ თუ ხელში ჩაუვარდებოდა პოლიციას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა”, – აცხადებს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა. ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები