პროსტატის ადენომა/ჰიპერპლაზია – დაავადება, რომელიც მოწიფული ასაკის მამაკაცების უმრავლესობას ემართება – ინტერვიუ უროლოგთან

პროსტატა, იგივე წინამდებარე ჯირკვალი – კენტი ორგანოა, რომელიც მენჯის ღრუში მდებარეობს. მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მამაკაცის სექსუალური შესაძლებლობები. კვლევების მიხედვით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში წინამდებარე ჯირკვლის დაავადებები გახშირდა.
ერთ-ერთი ასეთი გავრცელებული დაავადებაა პროსტატის ადენომა, იგივე წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, რომელიც, ძირითადად, 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში გვხვდება.

ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა 2 ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს პროსტატის ადენომის განვითარებას, ესენია: ჰორმონალური ეფექტები, ანუ ტესტოსტერონის დონის ცვლილება და სიბერე.

რა არის პროსტატის ჰიპერპლაზია, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება, რა მეთოდებით არის შესაძლებელი მისი მკურნალობა – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “კვირას” რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, უროლოგო ვალერი კვაჭახელიძე ესაუბრა:

– რა არ პროსტატის ჰიპერპლაზია და რა სიმპტომები ახასიათებს?

პროსტატის ჰიპერპლაზია არის მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის ზომაში მატება. კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ასევე ცნობილია, როგორც ადენომა.
ძირითადად, გვხვდება 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში და ახასიათებს შარდვის დარღვევები – გაძნელებული შარდვა, გახშირებული შარდვა, შარდის ნაკადის შესუსტება, ღამით შარდვა. ამ სიმპტომებით მოდიან უროლოგებთან საკონსულტაციოდ პაციენტები.
გამოკვლევებიდან, როგორც წესი, ტარდება ექოსკოპიური კვლევა, რომლის მიხედვითაც დგინდება წინამდებარე ჯირკვლის ზომები. ასევე, კეთდება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი, რომელიც არის სკრინინგ მეთოდი, ხომ არ არის შემთხვევით კიბო, რადგან ამ შემთხვევაში დაავადება ავთვისებიანია და მისი მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია.
ასევე, ინიშნება შარდის ანალიზი, PSH და ხდება დიაგნოზის დასმა.

– ვინ შედის რისკჯგუფში?

როგორც უკვე აღვნიშნე, პროსტატის ჰიპერპლაზია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში იჩენს თავს. სტატისტიკის მიხედვით, ეს დაავადება 60 წლის მამაკაცების დაახლოებით 60%-ს ემართება, 70 წლის მამაკაცებში – 70%-ს. ანუ რა ასაკობრივი ჯგუფიცაა პროცენტულად, იმ რაოდენობის კაცებში ვითარდება დაავადება.

– როგორ ხდება მკურნალობა?

ექოსკოპიის, ანალიზების შედეგებისა და სკრინინგის შემდეგ, როდესაც დიაგნოზი უკვე დასმულია, პაციენტს ენიშნება მკურნალობა. არის როგორც მედიკამენტური, ასევე, ქირურგიული მეთოდით მკურნალობა.
პირველად იწყება მედიკამენტური მკურნალობა. ალფა-ადრენობლოკატორები (როგორიცაა ტერაზოსინი, დოქსაზოსინი, ტამსულოსინი ან ალფუზოსინი) ადუნებენ პროსტატისა და შარდის ბუშტის გარკვეულ კუნთებს და აუმჯობესებენ შარდის დინებას. ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია, პროსტატის ზრდაზე პასუხისმგებელი ჰორმონების დაბლოკვის გზით, შეამციროს პროსტატის ზომები, რის შედეგადაც შესაძლებელია ქირურგიული ან სხვა სახის მკურნალობის თავიდან აცილება ან გადავადება. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს მედიკამენტები არის სარეცეპტო და ვერ შეიძენს ადამიანი აფთიაქში რეცეპტის გარეშე. ხოლო ის მედიკამენტი, რომელიც ინიშნება უროლოგის მიერ, არ უნდა მიიღოს პაციენტმა თვითნებურად, რადგან შესაძლოა, შემდგომში გართულდეს დიაგნოსტირება და თუ არასწორად იქნა მიღებული, გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები.

თუ მედიკამენტური მკურნალობა პაციენტს შეღავათს არ აძლევს, მაშინ უნდა დაისვას ქირურგიული მკურნალობის საკითხი. ქირურგიული ოპერაციები არის ე.წ. უსისხლო ოპერაციებიც, ანუ ენდოსკოპიური, ასევე, არის ღია წესით ოპერაციებიც. ენდოსკოპიური ოპერაცია კეთდება შედარებით მცირე ზომის პროსტატებზე, მაგალითად, როდესაც არის 80 სმ კუბი. ხოლო უფრო დიდ პროსტატებზე ტარდება ღია წესით ოპერაციები.

– რა როლი აქვს დროულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას დაავადების პრევენციას ან გადავადებაში?

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დროული მკურნალობა, როგორც ყველა სხვა დაავადების მკურნალობისთვის, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ვერ მოხდა პროსტატის ჰიპერპლაზიის დროული დიაგნოსტირება, შესაძლოა, პრობლემები გაჩნდეს ზედა საშარდე გზებში, თირკმლის პრობლემები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა გამოიწვიოს და, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობა გაცილებით რთულია, ვიდრე დაავადების საწყის ეტაპზე დროული პრევენცია. ამიტომ, როდესაც სიმპტომები გაჩნდება, კონკრეტულად შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, უმჯობესია, 50 წელს გადაცილებული მამაკაცი მალევე მივიდეს უროლოგთან საკონსულტაციოდ, გამოკვლევის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები