დაბადება ნანგრევების ქვეშ და „სიცოცხლის სამკუთხედი“ – მიწისძვრას გადარჩენილი ადამიანების გასაოცარი ისტორიები

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ყველამ კიდევ ერთხელ გავაცნობიერეთ, რომ თითოეული წამი მნიშვნელოვანია. ნანგრევების ქვეშ 24 საათის გატარების შემდეგ ცოცხალი ადამიანის ამოყვანა ძალიან რთული გამოწვევაა, მაგრამ მაშველები და მოხალისეები ძებნას აგრძელებენ. იმედს არც უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლები კარგავენ.

გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორიები ეხმარება მოხალისეებს, არ დანებდნენ და ეძებონ გადარჩენილები.

ბავშვი პირდაპირ ნანგრევების ქვეშ დაიბადა

ეს ჩვილი ბიჭი ალეპოში, ნანგრევების ქვეშ დაიბადა. მისმა დედამ მძიმე ტრავმები მიიღო, რამაც ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია. ჩვილის ტირილის გაგონებისას მოსახლეობა დასახმარებლად მივიდა და ახალშობილი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მისი დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მოგვიანებით კი, გაირკვა, რომ ახალშობილის მთელი ოჯახი დაიღუპა.

ორი ბავშვი „სიცოცხლის სამკუთხედში“ გადარჩა

თურქეთში მიწისძვრიდან 26 საათის შემდეგ ორი ბავშვი გადაარჩინეს. ჰაერის ტემპერატურა იქ დღისით მაქსიმუმ 10 გრადუსს აღწევს, ხოლო ღამე საერთოდაც ნულს ქვემოთ ეცემა. ბავშვები „სიცოცხლის სამკუთხედში“ დარჩნენ. ასე უწოდებენ სივრცეს ნანგრევების ქვეშ, სადაც ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე. ბავშვმა ტირილი მაშინ დაიწყო, როდესაც მაშველების ხელში აღმოჩნდა.

მილიონობით ადამიანი დარჩა ქუჩაში და ყველა ერთმანეთს ეხმარება

ანთაქია თითქმის მთლიანად განადგურებულია. საცხოვრებელი სახლები, საინჟინრო კომუნიკაციები და გზები – ყველაფერი ეს ბეტონის, არმატურის და ასფალტის მთებად იქცა. ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე ხალხი რჩება. ნანგრევებიდან ხშირად ისმის ბავშვების ტირილი, ყვირილი, ისინი დახმარებას ითხოვენ. ერთმა გოგონამ მაშველებს უთხრა, რომ სადღაც მის გვერდით უნდა ყოფილიყო მისი ძმა.

-„ძალიან მცივა“, – ამბობს გოგონა.

-„ჩვენ ამოგიყვანთ, კარგი?!“

-„ჩემი ძმაც აქ არის“.

-„მასაც გადავარჩენთ, არ იდარდო“.

-„გთხოვთ, არ დაგვტოვოთ“.

-“არ დაგტოვებთ“.

მოხალისეები ყველა კუთხიდან მოდიან. დანგრეული სახლების მაცხოვრებლები, რომელთაც გამოქცევა მოასწრეს, საბნებში გახვეულები, ღამეს ბუჩქებთან ათევენ. მათ, ვისი სახლებიც ნგრევას გადაურჩა, შინ დაბრუნების ეშინიათ, ვინაიდან ბიძგები ნებისმიერ დროს შეიძლება განმეორდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები