მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს ულოცავს.

„მთელი გულით ვულოცავ ჩემს ალმა-მატერს – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 105 წლის იუბილეს.
საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც გამოჩენილი ქართველი მეცნიერები ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანდნენ და ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის საქმეს ჩაუყარეს საფუძველი – დააარსეს ევროპული სტანდარტების მქონე ეროვნული უნივერსიტეტი. სწორედ 8 თებერვალს, დიდი ქართველი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, სამხრეთ კავკასიაში დაფუძნდა პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც რეგიონში განათლების მთავარ კერად იქცა. დაარსების დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე ზრუნვით, გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. ჩემთვის, როგორც უნივერსიტეტელისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას და დღესაც უდიდესი წვლილი შეაქვს ახალგაზრდა თაობების განათლების საქმეში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გუნდი და პირადად მე, ყოველთვის ვდგავართ უნივერსიტეტის გვერდით და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს მას ისტორიული მისიის შესრულებაში. კიდევ ერთხელ, სრულიად საზოგადოებას ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღს, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას. მჯერა, რომ უნივერსიტეტის წიაღში კვლავაც აღიზრდებიან თაობები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებენ და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანენ“, – აცხადებს ჩხენკელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები