“როცა ლარი 18 %-ითაა გამყარებული და ფასები უმნიშვნელოდაა შემცირებული, ეს იმას აჩვენებს, რომ ფასწარმოქმნის გარკვეული პრობლემაა, ბაზრის დარეგულირებაზე მთავრობის განაცხადი, გამართლებულია” – გიორგი ცუცქირიძე

“როცა ლარი 18 %-ითაა გამყარებული და ფასები, ფაქტობრივად, უმნიშვნელოდაა შემცირებული, ეს იმას აჩვენებს, რომ ფასწარმოქმნის გარკვეული პრობლემაა, გაირკვა, რომ ჩვენ შემოტანილ პროდუქტს 100 %-ით ძვირად ვყიდულობთ”, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან იმაზე განაცხადი, რომ ბაზრის დარეგულირება მოხდეს, მთლიანად გამართლებულად მიაჩნია.

ცუცქირიძე სურსათის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით პრემიერის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

“პრემიერის განცხადებაზე მინდა, გავაკეთო შეფასება, რომელიც სურსათის ფასებთანაა დაკავშირებული, ვგულისხმობ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას, ესაა წიწიბურა, ხორბლის სხვადასხვა პროდუქტი. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც ინფლაციურ კალათში მონაწილეობს, ანუ სასურსათო კალათის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. შემთხვევითი არაა, რომ ფასები მაღალია. ბოლო თვეებში ლარის კურსი დაახლოებით 18 %- ითაა გამყარებული. როცა კურსზე ვსაუბრობთ, ეს იმპორტულ პროდუქციას პირდაპირ ეხება, რადგან, მოგეხსენებათ, კალკულაციაც და თვითღირებულებაც უცხოურ ვალუტაში ხდება. როცა ლარი 18 %-ითაა გამყარებული და ფასები, ფაქტობრივად, უმნიშვნელოდაა შემცირებული, ეს იმას აჩვენებს, რომ ფასწარმოქმნის გარკვეული პრობლემაა. გაირკვა, რომ ჩვენ შემოტანილ პროდუქტს 100 %-ით ძვირად ვყიდულობთ. პრემიერის განცხადებას მინდა, დავემოწმო, აქ საუბარია 80 %- იან ფასნამატზე, ესაა საბითუმო ფასები და შემდეგ საცალო ქსელში რაც შემოდის, რასაც ჩვენ ვყიდულობთ, იქიდან ნამატი 25 % -ია. ფაქტობრივად, გამოვიდა, რომ 100 %- იანი ფასნამატია, ეს ძალიან მაღალი მოგების მარჟაა, რომლითაც მსხვილი იმპორტიორები მუშაობენ. ნებისმიერი მთავრობის ამოცანა არ არის ბაზარზე ჩარევა. ეს, ზოგადად, მთავრობის საქმე არაა. ბაზარს საბაზრო ძალები არეგულირებენ. ესაა მოთხოვნა და მიწოდება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, ეს მომხმარებელზე ზოგადად როგორ აისახება. ჩვენ ამ მიმართულებით პირველი რეფორმა ვნახეთ. ვგულისხმობ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმას. პირველი ეტაპი თურქეთის ბაზრის გახსნა იყო. ზოგიერთ მედიკამენტზე ფასი 80-120 %- ითაც კია შემცირებული. რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს – ამ შემთხვევაში პროდუქციაზე ზედა ზღვარი დგინდება, რომლის ზემოთ გაყიდვა აკრძალულია. აღმოჩნდა, რომ ჩვენმა მოსახლეობამ დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე დაზოგა. ეს 200 მილიონი რამდენიმე კომპანიის, თუ ოჯახის ჯიბეში უნდა შესულიყო.
წარმოუდგენელია, რომ განსაკუთრებით პანდემიურ პერიოდში ფასები კატასტროფულად იყო გაზრდილი. მაშინ გარკვეული სპეკულაცია ხდებოდა, რომ ეს საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების ჯაჭვების წყვეტით და დეფიციტით იყო გამოწვეული. 300 %-იანი ფასნამატი იყო, ანუ საქართველოში პროდუქცია 3- ჯერ გაძვირებული იყო. ეს წარმოუდგენელია, არაფერ კავშირში არაა, არც საბაზრო ძალებთან, არც მოთხოვნა- მიწოდების მრუდთან. ეს პირდაპირ მონოპოლიური ფასი და საკუთარი მოსახლეობის ძარცვაა.

გადავიდეთ სურსათზე. საუბარი ყველაზე მოხმარებად საქონელზეა, რომელიც ადამიანს ყოველდღიური მოხმარებისთვოს სჭირდება. როცა აქ ძალიან მაღალია ფასების, ეს, ბუნებრივია, აჩენს ეჭვს, რომ იგივე სქემის ნაწილია, რაც მედიკამენტებზე იყო. ანუ რეალურად ეს მონოპოლიური ფასია. ასეთი მაღალი ფასნამატი როცაა, აქ შეიძლება, გამოყენებული იყოს თუნდაც იგივე რეფერენტული სტრატეგია. აქაც შეიძლება, ცალკეულ პროდუქტზე ზედა ჭერი იყოს დაწესებული. მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, აქ მთავრობა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივითაც შევიდეს , რაც ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფას დაამთავრებს. პირდაპირ მინდა, ვთქვა, ბიზნესი არაა ის, რომელიც ამხელა მარჟით მუშაობს. ეს საკუთარი მოსახლეობის ძარცვაა, როცა შექმნილ სიტუაციას იყენებ და მაქსიმალურის ამოღებას ახდენ.

დღეს მთავრობის მხრიდან იმაზე განაცხადი, რომ ბაზრის დარეგულირება მოხდეს, მთლიანად გამართლებულად მიმაჩნია. ბუნებრივია, მთავრობის ჩარევით. სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახურებია, მათ შორის, ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. არაერთი მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, როგორ მომხდარა მონოპოლიური ჯგუფისთვის აქტივების გაყიდვა, რათა ბაზარზე კონკურენტული სივრცე შექმნილიყო. მეორე თემაა კარტერული გარიგებები და სხვათაშორის, ძალიან დიდი ჯარიმებია, თუ დადგინდა, რომ ფასს ასეთი გარიგებებით იჭერენ. აქ საუბარია ნავთობიმპორტიორებზეც.

საქართველოში ეს პრობლემა არა მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზეა, არამედ საწვავზეც. მოგეხსენებათ, საწვავი ბევრი სხვა რაღაცის განმსაზღვრელია.მასზეა ბევრი რამის ფასია დამოკიდებული, მათ შორის გადაზიდვების. შესაბამისად ეს პროდუქტების ფასწარმოქმნაში მონაწილეობს”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გაძვირებული სურათის პრობლემაზე გუშინ ისაუბრა.

“რამდენიმე კვირის წინ კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ ისინი. შედეგი მართლაც შემაშფოთებელი იყო და მინდა საზოგადოებას პირველადი მოკვლევის შედეგი წარვუდგინო.

ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე – მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის

და ზეთის საბითუმო ფასებზე არის 60-80%-ის ფასნამატი, რასაც შემდეგ ემატება საცალო ფასნამატი, რომელიც მინიმუმ 25-30%-ს შეადგენს. გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, არის მიღწეული და შენარჩუნებული. ამ დროს იმპორტიორების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება არის მიუღებელი.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინდა, დავავალო ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხის შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ 2 კვირაში მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი შესაბამისი გამოსავლის გზებით”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები