გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ელექტრონული მწვანე წიგნის პრეზენტაცია გამართა

კლიმატის კანონის შემუშავების მიზნით შექმნილი მწვანე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა დღეს პარლამენტის სასახლის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში.

პარლამენტის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მწვანე წიგნთან დაკავშირებით ეროვნული კონსულტაციების დაწყება დაანონსდა. მწვანე წიგნი წარმოადგენს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია კლიმატის მიმართულებით არსებული სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის, გამოწვევების, ვალდებულებებისა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე, ზოგადად არსებული მდგომარეობის შესახებ. მისი ფართო წრეების მონაწილეობით განხილვა შესაძლებელს გახდის, რომ კლიმატის კანონი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით იყოს მიღებული.

„კლიმატის კანონი იქნება ის დამატებითი საშუალება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის გამოწვევებთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებში პარლამენტის ჩართვა. მწვანე წიგნი არის კლიმატის კანონის შემუშავების პირველი ეტაპი, რომელიც ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ელექტრონული მწვანე წიგნის პრეზენტაციით დაიწყება კანონის შექმნასთან დაკავშირებული აქტიური პროცესი საზოგადოების ფართო ჩართულობით. თვითონ კანონის მიღება კი იქნება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ამბიციური გეგმა პარიზის ხელშეკრულების ფარგლებში”, – განაცხადა გარემოს დავისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ პრეზენტაციაზე.

მწვანე წიგნის ირგვლივ გამართული კონსულტაციების პროცესში მოხდება მოსაზრებების მიღება, რომელთა ანალიზის საფუძველზეც მომზადდება თეთრი წიგნი. მასში წარმოდგენილი იქნება კლიმატის კანონის კონკრეტული მოდელის და შინაარსობრივი მონახაზის კონცეფცია. ამის შემდეგ კი დაიწყება კლიმატის კანონზე მუშაობა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლაშა ნაკაშიძე, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საჯარო უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები