ლევან მაისაშვილი: ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის მსოფლიო პირველობისთვის გასახურებელი ტურნირია

“ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ რაგბი ევროპის ტურნირი, არამედ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი” – ამბობს ლევან მაისაშვილი, საქართველოს სარაგბო ნაკრების მთავარი მწვრთნელი პირველი მატჩის წინ გერმანიასთან, რომელიც ხვალ ავჭალის სტადიონზე გაიმართება.

ბოლო 12 წელიწადში საქართველო რაგბი ევროპის 11 გზის ჩემპიონია და პათოსიც, სრულიად გამართლებულია, – ბორჯღალოსნებისთვის ევროპის ტურნირი მნიშვნელოვანი გამოწვევა აღარ არის, მით უმეტეს, რომ წელს ტურნირის ფორმატი შეიცვალა – 2 ახალბედა დაემატა – გერმანია და პოლონეთი და თან ყველა გუნდი ერთმანეთს აღარ ხვდება როგორც ადრე იყო, არამედ ორ ჯგუფად ყოფენ და ჯგუფიდან გამარჯვებულებს შორის ირკვევა პრიზიორები.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: “ტურნირში 2 ახალ წევრს მივესალმებით, გერმანიაც და პოლონეთიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და მათი გაძლიერება მხოლოდ გაგვახარებს, მაგრამ დონით ეს გუნდები დღეს გაცილებით დაბლა დგანან იმისთვის რომ ძლიერი მეტოქეობა გაწიონ; ხოლო
შედარებით ძლიერ პორტუგალიას, რუმინეთს ან ესპანეთს, შესაძლოა, ვერც ვეთამაშოთ ამ ახალი ფორმატით, რაც გულდასაწყვეტია“

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, იოსებ ტყემალაძე: “არ აქვს მნიშვნელობა ვინ გვიდგას წინ, რომელი გუნდი, ჩვენთვის ყველა მატჩი მსოფლიო ჩემპიონატისწინა ვარჯიშია, უფრო მნიშვნელოვანია ვინ გვიდგას უკან, -ასობით ათასი გულშემატკივარი, რომელიც ზურგს გვიმაგრებს და დიდი წარმატების მოლოდინშია; გამარჯვების ის ჟინი, რაც 6 ერის ქვეყნების დამარცხებამ მოიტანა სექტემბრამდე უნდა მივიტანოთ”

შარშან ისტორიულმა გამარჯვებებმა ტიერ 1-ის წევრი იტალიისა და უელსის ნაკრებებთან რაგბისადმი მართლაც საერთო სახალხო ინტერესი გააღვივა საქართველოში, – პირველად მოხდა, რომ გერმანიასთან მატჩამდე ერთი კვირით ადრე, რომელზეც ქართველი გულშემატკივარი დიდ წინააღმდეგობას არ მოელის, არცერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი, შესაბამისად ევროპის ჩემპიონატს საქართველო გადაჭედილი ტრიბუნებით ხვდება და მას მსოფლიოსთვის გასახურებელ ეტაპად აღიქვამს.

საქართველოს რაგბის კავშირის გაცხადებული ამბიციაა, რაგბი ყველაზე პოპულარულ სპორტად აქციოს ქვეყანაში, – ამ გზაზე მსოფლიო რაგბის მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც გვეხმარება, ამბობს იოსებ ტყემალაძე, “მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის, სერ ბილ ბომონტის ერთ კვირიანი ვიზიტი საქართველოში და ძალიან მაღალი შეფასებები, რეპუტაციულად უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული რაგბისთვის” – დასძენს ის.

ქართული რაგბის ბოლო წლების გარღვევა, რასაც მსოფლიო სარაგბო საზოგადოებაც ხედავს და აღნიშნავს, ფესვებიდან ზრუნვით დაიწყო, 100 მლნი დოლარის კერძო საქველმოქმედო ინვესტიციით სარაგბო ინფრასტრუქტურაში, რომელიც საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაიღო. დღეს ქართული ნაკრების ბირთვი სწორედ ის ახალგაზრდა სპორტსმენები არიან, რომლებიც იმ ფულით აშენებულ თანამედროვე სტადიონებზე გაიზარდნენ.

მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის, ბილ ბომონტის მხარდაჭერით, ქართულ რაგბიში თაობათა მუდმივი ცვლის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რაგბის კავშირმა მთავრობასთან ერთად ქვეყნის ყველა სკოლაში ბავშვთა რაგბის დანერგვა დაიწყო.150-მდე სკოლაში უკვე თამაშობენ რაგბის საბავშვო ვერსიას, ხოლო 2030 წლისთვის პროგრამა 2000-ზე მეტ სკოლას და 120 ათას მოსწავლეს მოიცავს, რაც ექსპერტთა შეფასებით ქვეყანას 30 ათასამდე დარეგისტრირებულ მორაგბეს შემატებს.

სწორედ ამ დროისთვის, 2030 წლისთვის ვარაუდობენ რაგბის ქართველი ანალიტიკოსებიც, რომ ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონობაზე გააკეთებენ განაცხადს, თუმცა მანამდე ჯერ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატია და როგორ ფორმაში წარდგება საქართველო, დიდად იქნება დამოკიდებული რა დონის ტურნირებზე გამოვა; მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს იმედს ის აძლევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველო შოტლანდიის შეხვედრა უკვე დაგეგმილია, ისევე როგორც ერთობლივი წვრთნები “ლა როშელთან”, ასევე 12 და 19 აგვისტოს უნდა ჩაინიშნოს კიდევ 2 ტესტ-მატჩი სხვა ძლიერ გუნდებთან – მოლაპარაკება მათთან ჯერ ისევ მიდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები