როგორ დავიზღვიოთ თავი უბედური შემთხვევებისგან ბუნებრივი აირის მოხმარების დროს – „თბილისი ენერჯის“ განმარტება

როგორ დავიზღვიოთ თავი უბედური შემთხვევებისგან ბუნებრივი აირის მოხმარების დროს – ამასთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფრენციაზე გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ გააკეთა.

მისი თქმით, დახურულ სივრცეში დაუშვებელია ღია წვის კამერიანი დანადგარის მოხმარება, ასევე გაზის შიდა ქსელზე კუსტარულად შესრულებული გადაბმები, რაც გაზის გაჟონვის საფრთხეს ქმნის.

„გაზით გამოწვეული უბედური შემთხვევები ორ ნაწილად იყოფა: ეს არის არასწორად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი დანადგარის გამო co-თი, ნახშირჟანგით ინტოქსიკაცია და მეორეა არასწორად, თვითნებურად დამონტაჟებული ქსელის გამო მომხდარი უბედური შემთხვევები. საუბარია ე.წ. „შლანგებზე“, კუსტარულად შესრულებულ გადაბმებზე, თვალსაჩინოებისთვის ფოტოც წამოვიღე. კუსტარულად შესრულებული გადაბმების გამო გაზის გაჟონვა და შემდეგ აფეთქება ხდება.
რაც შეეხება ინტოქსიკაციას – მას ღია წვის კამერიანი დანადგარები, ე.წ. კალონკები იწვევს. შეხედეთ თქვენს წყალგამაცხელებლებს: გვერდებში თუ ისეთი ჭრილები აქვს, როგორიც ფოტოზეა, მისი მოხმარება დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ. ეს დახურულ სივრცეს ეხება. ქუჩაში და აივანზე დაყენებულ წყალგამაცხელებლებს ეს არ ეხებათ.

რაც ყველზე მთავარია: ნებისმიერ დანადგარს ყველა გამათბობელს, დანადგარამდე მისაყვანი გაზსადენი სჭირდება, რათა დანადგარამდე გაზის ტრანსპორტირება მოხდეს. აუცილებლად „თბილისი ენერჯის“ უნდა მომართოთ, რადგან ეს გაზსადენი „თბილისი ენერჯის“ მეშვეობით უნდა გაკეთდეს, არ გააკეთოთ კუსტარულად. ეს გაზის გაჟონვას და აფეთქებას იწვევს. ჩვენი საავარიოს ტელეფონია „114“. მოვუწოდებთ ჩვენს ნებისმიერ აბონენტს, თუ გაზის სუნს იგრძნობთ, დაუყოვნებლივ 114-ზე მოგვმართეთ, ჩვენი ჯგუფები ადგილზე მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვლენ“ – განაცხადა ლეფსვერიძემ.

მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, ბინის დაქირავების, ან დაგირავების დროს, სანამ საცხოვრებლად გადავლენ, გაზის ქსელის და დანადგარების შემოწმებისთვის „თბილისი ენერჯის“ მიმართონ.

„რაზეც მინდა, აქცენტი გავაკეთო: ესაა ბინის დაქირავება და დაგირავება. ბოლო სტატისტიკით, უბედური შემთხვევების 90 % დაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება. ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, ბინის დაქირავების, ან დაგირავების დროს, სანამ საცხოვრებლად შევლენ, 240 40 04-ზე მოგვმართონ. ჩვენ ბინას შევამოწმებთ, გამქირავებელს და დამქირავებელს მითითებებს მივცემთ“ – განაცხადა ლეფსვერიძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები