ირაკლი კობახიძე: „კრედიტ სუისი“ გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ გამოიყენება პოლიტიკური შანტაჟისთვის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის თაობაზე მას პრაქტიკულად ღია მინიშნებები ჰქონდა თავის წერილში. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ცხადია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
„თავად „კრედიტ სუისიც“ არ მალავს პოლიტიკურ კონტექსტს, რომელიც ამ საქმეს თან ახლავს. რეალურად, ეს არის ძარცვის საქმე. ეს არის აბსოლუტურად ღია ძარცვის საქმე. თანხების განკარგვის უფლებას არ აძლევენ ბიძინა ივანიშვილს, რაც არის წარმოუდგენელი. ჩვენ ვიცით, როგორ შენდებოდა შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია. ბანკი თვითონვე ანგრევს არამარტო საკუთარ, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციას. რისთვის შეიძლება ეს ყველაფერი უღირდეს? ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენთვის ნათელია, რომ ამის უკან დგას ერთადერთი რამ – პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა.
შანტაჟის მცდელობაზე მინიშნებები ივანიშვილმაც გააკეთა. ეს არის განზრახვა, რომ საქართველო იყოს ჩართული სამხედრო კონფლიქტში, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში. ეს ადამიანი არავითარ შემთხვევაში შანტაჟს არ დაექვემდებარება და მით უმეტეს მეორე მხარეს დგას ის, რაც შეიძლება იყოს უკიდურესი ზიანის მომტანი საქართველოსთვის. საუბარია ქვეყნის თვითგანადგურებაზე ხელის მოწერაზე. ამას ბიძინა ივანიშვილი არ გააკეთებს. 2012 წელს სიცოცხლის რისკის ფასად შემოვიდა ქართულ პოლიტიკურ პროცესში, რათა ქვეყანაში რადიკალურად შეცვლილიყო უკეთესობისკენ ვითარება და ის არ მოაწერს ხელს საკუთარი ქვეყნის განადგურებას.
რაც შეეხება ფორმალურ სანქციებს, ეს არის არა შანტაჟი, არამედ დასჯა. თუ ადამიანს დასჯი, მაშინ მისგან ვერაფერს მიიღებ. იმ ადამიანებს, რომლებიც დგანან ამ ყველაფრის უკან, ურჩევნიათ გააგრძელონ შანტაჟი, მიმართონ არაფორმალურ სანქციებს და არა ფორმალურ სანქციებს, რაც დასჯის ფორმაა და არა შანტაჟი. რეალურად საფუძველი არც სანქცირებისთვისაა და არც არაფორმალური სანქცირებისთვის, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ინტერესი პოლიტიკური შანტაჟის ამ ფორმას მიმართონ. ვინ დგას უკან, ამის შესახებ ღიად გაგვიჭირდება საუბარი, თუმცა გვაქვს ჩვენი წარმოდგენა, თუ საიდან შეიძლება იმართებოდეს ეს პროცესები ბანკში“, – აცხადებს კობახიძე.