ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია თვითონვე აღიარებდა თავიანთ სიყალბეს იმით, რომ „არალეგიტიმურ” ორგანოებში შედიოდნენ – “არალეგიტიმური” სალომე ზურაბიშვილი აღიარეს მოგვიანებით პრეზიდენტად, „არალეგიტიმურ” პარლამენტში შევიდნენ 2020 წელს, „არალეგიტიმური” ადგილობრივი თვითმმართველობა აღიარეს და ისარგებლეს მანდატებით – იგივე განმეორდა 2024 წელს
“რაც შეეხება კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ძალადობით შეცვლას, აქ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დაკავშირებულია არჩევნების არაღიარებასთან და შეგვიძლია გავიხსენოთ ყველა არჩევნები 2016 წლიდან მოყოლებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში” განაცხადა.
პრემიერის თქმით, რადიკალური ოპოზიციის პირველი მცდელობა, არ ეღიარებინათ არჩევნები, შედგა 2016 წელს.
„რაც შეეხება კონსტიტუციური წყობილების დამხობას და ძალადობით შეცვლას, აქ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი დაკავშირებულია არჩევნების არაღიარებასთან და შეგვიძლია გავიხსენოთ ყველა არჩევნები 2016 წლიდან მოყოლებული. პირველი მცდელობა, არ ეღიარებინათ მათ არჩევნები, შედგა 2016 წელს. მაშინ ძალიან მძიმედ შეაფასეს მათ არჩევნები, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მათ ჰქონდათ მცდელობა, მიჭრილიყვნენ ცესკოს შენობასთან. ბოიკოტი გამოუცხადეს მეორე ტურებს და ა.შ. ეს იყო პირველი მცდელობა, რომელიც ყველაზე სუსტი იყო და საბოლოო ჯამში, წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ პირველი მცდელობა ჰქონდათ უკვე 2016 წელს. ამის შემდეგ მეორე მცდელობა იყო უკვე 2018 წელს, როდესაც ჩვენი მხარდაჭერით სალომე ზურაბიშვილი არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად. მაშინაც ის არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს, სცადეს ინაუგურაციის ჩაშლა, გახსოვთ, რა ხდებოდა თელავში, როდესაც უნდა შემდგარიყო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია. ის, რომ ეს ყველაფერი იყო ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი ყალბი ქმედებები, იქიდან ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი მათ მოგვიანებით თავადვე აღიარეს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. აქედან ჩანს, რომ თვითონვე აღიარეს საკუთარი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს 2018 წელს, როდესაც სცადეს არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოეცხადებინათ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი მხარდაჭერით აირჩა თავის დროზე პრეზიდენტის თანამდებობაზე”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2020 წელს შეიქმნა „ლელო”, მათ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ისინი ერთხმად მიყვებოდნენ პოლიტიკურ პროცესს.
„2016-2018 წლებში „ლელო” არ არსებობდა, როგორც პოლიტიკური პარტია, მათი ლიდერებიც არ იყვნენ პოლიტიკაში, მაგრამ 2020 წლიდან უკვე ყალიბდება ერთიანი პოლუსი და ამ პოლუსის შემადგენელი ნაწილია უკვე „ლელო”. რა მოხდა 2020 წელს – შეიქმნა „ლელო”, მათ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ისინი ერთხმად მიყვებოდნენ იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც დაკავშირებული იყო მათ შორის, 2020 წლის არჩევნებთან. 2020 წელსაც არჩევნები კიდევ ერთხელ გამოაცხადეს არალეგიტიმურად და აქაც თვითონვე მოუწიათ მოგვიანებით საკუთარი სიყალბის აღიარება. ისინი შევიდნენ პარლამენტში. ჩვენ მაშინ მოგვიწია მოლაპარაკებებში შესვლა, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა, რაც რეალურად ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას, მაგრამ ეს იყო ჩვენი ტაქტიკური გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, როდესაც მათ ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, შემოვიდნენ პარლამენტში. ლეგიტიმურად როგორ შეიძლება, არალეგიტიმურ პარლამენტში შეხვიდე, თუ ხარ თავმოყვარე პოლიტიკური ძალა. მანამდე ამტკიცებდი, რომ იყო არალეგიტიმური, რაც არ უნდა პოლიტიკურ შეთანხმებას მოაწერო ხელი, როგორ შეიძლება შეხვიდე არალეგიტიმურ პარლამენტში. სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში ჯერ გამოაცხადეს არალეგიტიმურად და შემდეგ აღიარეს მისი ლეგიტიმურობა, ახლაც, გამოაცხადეს პარლამენტი არალეგიტიმურად და ზუსტად რამდენიმე თვეში პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარეს და ისარგებლეს უკვე პარლამენტის მანდატებით”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2021 წელსაც თვითმმართველობის არჩევნები გამოაცხადეს გაყალბებულად და მოგვიანებით შევიდნენ უკვე თვითმმართველობის ორგანოებში.
„2021 წელიც დადგა, ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც თავისი არსით უთანაბრდებოდა საპარლამენტო არჩევნებს. აქაც თვითმმართველობის არჩევნები გამოაცხადეს გაყალბებულად და მოგვიანებით შევიდნენ უკვე თვითმმართველობის ორგანოებში. თვითონვე აღიარებდნენ თავიანთ სიყალბეს, იმით, რომ „არალეგიტიმურ” ორგანოებში შედიოდნენ. არალეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი აღიარეს მოგვიანებით პრეზიდენტად, „არალეგიტიმური” პარლამენტი აღიარეს და ისე შევიდნენ პარლამენტში 2020 წელს, არალეგიტიმური ადგილობრივი თვითმმართველობა აღიარეს ლეგიტიმურად და ისარგებლეს მანდატებით, ყველა ჯერზე თვითონ აღიარებდნენ, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების კარნახით ცდილობდნენ რადიკალიზაციას და დემოკრატიული წყობილების დამხობას, მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარების გზით. იგივე განმეორდა 2024 წელს. ოთხი პარტია იყო, არც ერთი არ შემოვიდა და ამ ოთხიდან ერთმა მოგვიანებით აღიარა პარლამენტის ლეგიტიმაცია”, – განაცხადა პრემიერმა.