გიორგი ცუცქირიძე: საქართველო გახდება რა რეგიონის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყანა, კიდევ უფრო რეალური ხდება ქვეყნის პერსპექტივა გახდეს მრავალფუნქციური ჰაბი

პოსტპანდემიურ და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად გლობალური გეოპოლიტიკური რისკების ზრდის პირობებში, ბოლო ორი წლის მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაკროფაქტორების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უკვე აისახა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების ახალ რეიტინგში, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე “ფეისბუქზე” წერს.

“წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველო სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მხრიდანაც რეიტინგის გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ.
ნიშანდობლივია, რომ მომდევნო შეფასებებზე სააგენტო ელის რეიტინგის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რითაც უკვე ერთი ნაბიჯი დაგვრჩება საინვესტიციო რეიტინგამდე. პერსპექტივის გაუმჯობესებაში კი გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება, ფისკალური დეფიციტის შემცირება და საერთაშორისო რეზერვების შევსება, რაც თავის მხრივ აისახა მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ისეთი საგარეო მოწყვლადობების შემცირებაში, როგორიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და დოლარიზაცია.
აღსანიშნავია, რომ როგორც წინა შეფასებებისას, სააგენტო რეიტინგის ძლიერ მხარეებად მიიჩნევს ეკონომიკური მმართველობის მაღალი ხარისხსა და სტაბილური და სანდო მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას. სუსტ მხარეებად რჩება საგარეო მოწყვლადობები, თუმცა, ეს მოწყვლადობები წლიდან წლამდე მცირდება, რაც იყო რეიტინგის მოლოდინის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა.
ამასთან, ნარჩუნდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტისა და დოლარიზაციის შემცირების ტრენდი, რაც მომავალშიც დაეხმარება საკრედიტორ ეიტინგების გაუმჯობესებას
ეკონომიკის ზრდა 10,3%-ით არის შეფასებული 2022 წელს, 2021 წელს 10,4%-იანი ზრდის შემდეგ, შიდა მოთხოვნა გაიზარდა მიგრანტების მატებითა და ტრანსპორტის მკვეთრი ზრდით, ხოლო ტურიზმმა მოიმატა პანდემიამდელ დონემდე.
გაუმჯობესებული გარე ბუფერებიდან უნდა გამოიყოს: კაპიტალის ძლიერმა შემოდინებამ და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა განაპირობა ლარის 13%-იანი გამყარება აშშ დოლართან მიმართებაში გასული წლის განმავლობაში, ხოლო საერთაშორისო რეზერვები 0.6 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა და 4.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა დეკემბერში.
ქართული ოპოზიციისგან განსხვავებით, სააგენტოს შეფასებით 2022 წელს საქართველოში დაახლოებით 90 000 რუსი და ბელორუსის მიგრირებამ ეკონომიკაზე პოზიტიური ზეგავლენა იქონია, ფულადი გზავნილები გაიზარდა 86%-ით, ხოლო ტურიზმი აღდგა, რითაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდა დაახლოებით 6,4 პროცენტიდან მშპ-ის 4,0%-მდე. საგარეო მოწყვლადობის კიდევ ერთი დადებითი ფაქტორია საერთაშორისო რეზერვები, რაც 2024 წელს მიმდინარე საგარეო გადახდების 3.3 თვის მაჩვენებელზე ავა, 2022 წლის ბოლოს 3.2 თვიდან.
2022 წლის ფისკალური მაჩვენებლებიდან უნდა გამოიყოს: მთავრობის დეფიციტის შემცირება, დაახლოებით 3,8 პპ-ით და მშპ-ს 2,7%-მდე, მაშინ როდესაც თავდაპირველი ბიუჯეტის სამიზნე 4,0%-ზე იყო გათვლილი, რაც გამოწვეულია საგადასახადო შემოსავლების ძლიერი ზრდით და ხარჯების შედარებითი შეზღუდვით.
Fitch-ის პროგნოზით, დეფიციტი 2023 წელსაც დაბალი შენარჩუნდება მშპ-ს 2.6%-ის ფარგლებში. 2023 წელს, მოსალოდნელია როგორც საგადასახადო შემოსავლების ზრდა, ასევე სახელმწიფო ვალის დასტაბილიზირება დაბალ დონეზე:
Fitch-ის შეფასებით, სახელმწიფო ვალი 2022 წელს მოსალოდნელზე მეტად 9,3 პროცენტით შემცირდა და მშპ-ს 40,1%-მდე დაბრუნდა, რაც პანდემიამდელ დონეს უბრუნდება, მშპ-ს მაღალი დეფლატორის მხარდაჭერით.
ამ მოხსენებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტოს შეფასებით ამ ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციის შენარჩუნება იქნება რეიტინგის BB+ დონეზე , რითაც ერთი ნაბიჯი რჩება საინვესტიციო რეიტინგამდე. რაც სავსებით რეალურს ხდის მთავრობის მიზანს 2024 წლამდე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რითაც საქართველო გახდება რა რეგიონის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყანა, კიდევ უფრო რეალური ხდება ქვეყნის პერსპექტივა გახდეს მრავალფუნქციური ჰაბი, შუა დერეფნის ფუნქციონალური დატვირთვის გაზრდით და საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდილი შემოდინებით, რაც უმუშევრობის საშუალო ევროპულ დონემდე შემცირების და ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის გაორმაგების წინაპირობა გახდება 15-17 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში უკვე 2027 წლისათვის”, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები