იერუსალიმის აღმოსავლეთით, სინაგოგაში მომხდარი სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
ინციდენტი ქალაქ ნევე იაკოვის რაიონში ადგილობრივი დროით 20:15 საათზე მოხდა.
პოლიციამ მომხდარი ფაქტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და განაცხადა, რომ დამნაშავე ნეიტრალიზებულია.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თავდამსხმელი უშიშროების ძალებმა იმ დროს მოკლეს, როცა ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა.
„თავდამსხმელი აღმოსავლეთ იერუსალიმის მკვიდრია. ჩვენ ვასრულებთ ოპერაციებს შემთხვევის ადგილზე“, – აცხადებენ რაიონის პოლიციაში.
აშშ-მა თავდასხმა დაგმო და ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადა.
ამასთან, მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატა რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამ.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინის სასაზღვრო ქალაქ ჯენინში, ისრაელის სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული რეიდის დროს 9 პალესტინელი მოკლეს. მათ შორის 7 შეიარაღებული ადამიანი და 2 სამოქალაქო პირი იყო.
ამას მოჰყვა ღაზადან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო სროლა, რასაც ისრაელმა საჰაერო დარტყმებით უპასუხა.