დიპლომატიური ომი – ესტონეთი ქვეყნიდან საპასუხოდ რუსეთის ელჩს აძევებს
ესტონეთი რუსეთის ელჩს აძევებს, რომელმაც ქვეყანა 7 თებერვალს უნდა დატოვოს.
ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.
მისი თქმით, ესტონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა პარიტეტის პრინციპზეა აგებული, შესაბამისად საპასუხო ზომის სახით, რუსეთიდან ესტონეთის ელჩის გაძევების პარალელურად, იგივე მოხდება რუს დიპლომატთან დაკავშირებითაც.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „რუსეთის ნაბიჯები ხელს არ უშლის უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც უკვე, თითქმის ერთი წელია, იბრძვის თავისი სუვერენიტეტისა და ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის“.
“ესტონეთი მოუწოდებს სხვა თანამოაზრე ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის დახმარება”, – თქვა მან.
რუსეთის საგარეო უწყებამ ესტონელი დიპლომატის გაძევების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ტალინთან ურთიერთობა “წარმომადგენლის” დონეზე შემცირდება.
“ესტონეთმა კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯი გადადგა, რომელიც ტალინში რუსეთის საელჩოს შემადგენლობის მკვეთრ შემცირებას გულისხმობს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაშლის ხაზს ადასტურებს. საპასუხო ზომის სახით, რუსულმა მხარემ ორივე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლის, “მოვალეობის შემსრულებლამდე” შემცირება გადაწყვიტა “, – ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.