“პოლონეთი გერმანიას „ლეოპარდების“ გადაცემის ნებართვას სთხოვს, მაგრამ ტანკებს უკრაინას თანხმობის გარეშეც გადასცემს” – მატეუშ მორავეცკი
პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ვარშავა ბერლინს ტანკების გაგზავნის ნებართვის თხოვნით მიმართავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი თანხმობა არ იქნება, პოლონეთი უკრაინას “ლეოპარდებს“ “მცირე კოალიციის” ფარგლებში მაინც გადასცემს.
ამის შესახებ TVN24 იტყობინება.
მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის ბოლო განცხადებამ, რომ გერმანია პოლონეთს უკრაინისთვის ტანკების გადაცემაში ხელს არ შეუშლის იმედის ნაპერწკალი გააჩინა.
„ზეწოლას აქვს აზრი. ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების კოალიციის შექმნისკენ, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას ამ დრამატულ ბრძოლაში, ეფექტური აღმოჩნდა“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
მისი თქმით, “პოლონეთი მუდმივად ახორციელებს ზეწოლას ბერლინზე, რომ მან უკრაინას ტანკები მიაწოდოს”.
“მათ ჰყავთ 350-ზე მეტი აქტიური „ლეოპარდი“ და, დაახლოებით 200 რეზერვშია. მათ ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს ბრძოლა ასევე ნიშნავს ბრძოლას უსაფრთხოებისთვის, ევროპაში მშვიდობისთვის”, – დასძინა მან.
კითხვაზე, მიმართა თუ არა პოლონეთმა გერმანიას გაგზავნის ნებართვისთვის, მატეუშ მორავეცკიმ თქვა, რომ „ჩვენ მივმართავთ ასეთი თანხმობისთვის, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია“.
„რომც არ მივიღოთ ასეთი თანხმობა, მცირე კოალიციის ფარგლებში – მასში გერმანელები რომც არ იყვნენ – ჩვენ, სხვებთან ერთად უკრაინას ტანკებს მაინც გადავცემთ. ჩვენთვის პირობას წარმოადგენს, ამ მომენტში, სახელმწიფოთა, თუნდაც, ასეთი მცირე კოალიციის შექმნა“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.