რატი იონათამიშვილი: ხელოვნურია მთელი ის დისკუსია, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო წარმოებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის გუშინდელი განცხადებას გამოეხმაურა.
იონათამიშვილის შეფასებით, დისკუსია რაც პატიმარი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო წარმოებული – ხელოვნურია.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ხელოვნურია მთელი ის დისკუსია, რაც ამ ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყო წარმოებული. ცხადია, ეს სიახლე არ არის და ჩვენმა მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რომ მანიპულაციებისა და სპეკულაციების დიდი სივრცე არსებობდა და კონკრეტული არგუმენტი არ დადებულა, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, ამ კამპანიის ხელოვნურობაში. არაერთხელ ვნახეთ მოწოდებები, რომ მას შიმშილობა არ უნდა შეწყვიტა და როცა „შიმშილობდა“, ბევრი უცნაური განცხადება ვნახეთ. ცალკეული ძალები და ჯგუფები როდესაც მის ჯანმრთელობის დაცვაზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენტირებული, პირიქით იყო, რაც ბევრ ეჭვს აჩენდა. კალორიულობის ფაქტი თუ დადასტურდა და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ამაში რაიმე ეჭვი შევიტანოთ, სამწუხარო ფაქტი იქნება ასეთ დონეზე დაცემა იმისთვის, რომ ადამიანი დავიხსნათ კანონის უზენაესობისგან. ეს ძალიან უხერხული და არასწორია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ნინო ნადირაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა: “ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ”.
აღნიშნულ განცხადებას ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჭამს იმას, რაც შეუძლია.