ექიმი – საგარეჯოში დაჭრილებზე: სამიდან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის კი სტაბილურად მძიმეა

საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებული ხუთი ადამიანიდან სამი ამ დრომდე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ მკურნალობს.

კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, სამიდან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.

„სამიდან ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტი მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა მიყენებული ჭრილობებიდან გამომდინარე, მისი ზოგადი მდგომარეობით, გართულების რისკები ძალიან მაღალია. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე რჩება, განაგრძობს მკურნალობას და რეანიმაციულ განყოფილებაში, დაკვირვების ქვეშ იმყოფება“, – განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაღუპულები არიან – დავით ნასრაძე, ზაზა ჩიხლაძე, შაქრო მათიაშვილი, ნოდარ რჩეულიშვილი და ოთარ ღვინაშვილი. დაჭრილია 5 ადამიანი. 2 პაციენტი ბინაზე უკვე გაწერეს. თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები