“რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ “ახალი ტერიტორიული რეალობა” აღიაროს – მიუღებელია” – ენტონი ბლინკენი
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნებს “ახალ ტერიტორიულ რეალობასთან” დაკავშირებით, მიუღებელი უწოდა.
როგორც ბლინკენმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიმს კლევერლისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ეს მოთხოვნები საზიანოა სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის დასამყარებლად.
„რუსეთის მოთხოვნები უკრაინის მიმართ, აღიაროს ახალი ტერიტორიული რეალობა – მიუღებელია და არ იძლევა მოლაპარაკების პროცესის დაწყების საშუალებას“, – განაცხადა ბლინკენმა.
სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირეები უკრაინას აწვდიან ყველაფერს, რაც აუცილებელია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
მისი თქმით, ეს არის უმოკლესი გზა ომის დასასრულებლად და დიპლომატიაზე გადასვლისთვის.
„ამ ომის მდგრადი დასრულების უსწრაფესი გზა, დიპლომატიამდე მისვლა, მოლაპარაკებამდე მისვლა – არის უკრაინის გაძლიერება ბრძოლის ველზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – თქვა მან.
კრემლში ადრე განაცხადეს, რომ მოსკოვს შეუძლია უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მაგრამ ამ შეთანხმებების ფარგლებში კიევმა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად უნდა აღიაროს. როგორც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, არცერთი გეგმა, რომელიც არ ითვალისწინებს რუსეთის მიერ შექმნილ ამ „რეალობებს“, ვერ იქნება დამტკიცებული.
აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მდივანმა, ოლექსი დანილოვმა გააკეთა.
“რუსეთის ფედერაციის რეალობა არის სირცხვილი, დამარცხება და კოლაფსი. ამ რეალობის გათვალისწინების გარეშე, არ განხორციელდება “სამშვიდობო გეგმა”, – თქვა მან.