სერბეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოსთხოვა, შეწყვიტოს მისი ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირება „ვაგნერის ჯგუფში“

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა რუსეთს მოსთხოვა, შეწყვიტოს მისი ქვეყნის მოქალაქეების რეკრუტირება „ვაგნერის ჯგუფში“ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც ვუჩიჩმა განმარტა, რუსული ვებსაიტები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ განცხადებებს სერბულ ენაზე, სადაც მოხალისეებს „ვაგნერის ჯგუფის“ რიგებში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ. უფრო მეტიც, ქვეყნის კანონმდებლობა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პირდაპირ კრძალავს სერბების საზღვარგარეთ სამხედრო კონფლიქტებში მონაწილეობას.

მანამდე სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამართალდამცავი და სადაზვერვო სააგენტოები ამოწმებენ ინფორმაციას სერბეთის მოქალაქეების შესაძლო მონაწილეობის შესახებ საომარ მოქმედებებში, რომელსაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს.

„ვაგნერის ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კომპანია „არასოდეს ყოფილა სერბეთში“. ის ამტკიცებს, რომ აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში სერბები არ არიან – „და დიდი ხანია არ ყოფილან“.

დეკემბრის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერის ჯგუფმა“ გახსნა „მეგობრობისა და თანამშრომლობის ცენტრი“ სერბეთში.

ამერიკული გამოცემა Politico, თავის წყაროებზე დაყრდნობით, გასულ კვირას იტყობინებოდა, რომ „ვაგნერის ჯგუფი“ აძლიერებს თავის საქმიანობას რიგ ქვეყანაში, მათ შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სერბეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები