არესტოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოლექსი არესტოვიჩის განცხადება მიიღო და შტატგარეშე მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა “უკრაინსკაია პრავდას” უთხრა, გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკვე ხელმოწერილია.

“უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, მარია ვიტუშოკმა არესტოვიჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა”, – თქვა მან.

შესაბამისი განცხადებით არესტოვიჩმა აპარატს დღეს მიმართა.

ოლექსი არესტოვიჩი სკანდალში 14 იანვარს გაეხვა, როდესაც თქვა, რომ დნიპროში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, შესაძლოა დაზიანებულიყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რაკეტით.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში თქვეს, რომ კორპუსს კურსკის ოლქიდან გაშვებული X-22 ტიპის რაკეტა მოხვდა, უკრაინელ დამცველებს კი, არ აქვთ აღჭურვილობა, რომელსაც ასეთი ჭურვების ჩამოგდება შეუძლია.

დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა მოუწოდა უკრაინის უშიშროების სამსახურს და კონტრდაზვერვას, არესტოვიჩის განცხადებებს ყურადღება მიაქციონ.

უკრაინის რადას დეპუტატებმა კი, პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერის შეგროვება დაიწყეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არესტოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

„დროა, არესტოვიჩი გადადგეს! მისი განცხადება სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.

გუშინ კი, არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ დაშვებული შეცდომა არ არის მის მიმართ გაჩენილი კრიტიკის ტალღის შესაბამისი და დასძინა, რომ მის განცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

მან ბოდიში მოუხადა ტრაგედიაში დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს, დნიპროს მცხოვრებლებს, ასევე უკრაინელებს, რომლებსაც მისმა სიტყვებმა შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები