“ეს სერიოზული შეცდომაა და მას ვერაფერს ვუზამთ” – ​არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც თქვა, რომ რაკეტა, რომელიც დნიპროში 9-სართულიან სახლს დაეცა უკრაინული საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ იყო ჩამოგდებული და ბოდიში მოიხადა.

ამის შესახებ მან მარკ ფეიგინთან ერთობლივი გადაცემის დროს თქვა.

“ეს სერიოზული შეცდომაა და მას ვერაფერს ვუზამთ, ისეთია, როგორიც არის”- თქვა არესტოვიჩმა.

ამასთან, მისი თქმით, დაშვებული შეცდომა არ არის მის მიმართ გაჩენილი კრიტიკის ტალღის შესაბამისი და დასძინა, რომ მის განცხადებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.

არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ რეაქცია „ბოტების“ მუშაობის შედეგია, რომლებიც, მისი აზრით, დაკავშირებულია ვიქტორ მედვედჩუკთან, პეტრო პოროშენკოსთან და რუსეთთან.

მან ბოდიში მოუხადა ტრაგედიაში დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს, დნიპროს მცხოვრებლებს, ასევე უკრაინელებს, რომლებსაც მისმა სიტყვებმა შეურაცხყოფა მიაყენა.

14 იანვარს არესტოვიჩმა განაცხადა, რომ დნიპროში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, შესაძლოა დაზიანებულიყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რაკეტით.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებში თქვეს, რომ კორპუსს კურსკის ოლქიდან გაშვებული X-22 ტიპის რაკეტა მოხვდა, უკრაინელ დამცველებს კი, არ აქვთ აღჭურვილობა, რომელსაც ასეთი ჭურვების ჩამოგდება შეუძლია.

დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა მოუწოდა უკრაინის უშიშროების სამსახურს და კონტრდაზვერვას, არესტოვიჩის განცხადებებს ყურადღება მიაქციონ.

უკრაინის რადას დეპუტატებმა კი, პრეზიდენტის სახელზე ხელმოწერის შეგროვება დაიწყეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არესტოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

„დროა, არესტოვიჩი გადადგეს! მისი განცხადება სრულიად აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები