თურქეთის ომბუდსმენი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მუშაობენ

თურქეთის ომბუდსმენის, შერეფ მალკოჩის განცხადებით, უკრაინა და რუსეთი დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვეების გაცვლაზე მუშაობენ, რომელშიც მონაწილეობა შესაძლოა 1 000-მა ადამიანმა მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

„შეხვედრაზე, რომელსაც ვესწრებოდი, უკრაინის ომბუდსმენმა რუსულ მხარეს 800-კაციანი სია გადასცა. რუსეთის ომბუდსმენმა თავის უკრაინელ კოლეგას კი 200-კაციანი სია გადასცა. ღონისძიება ამით არ შემოიფარგლება. ეს არის დაჭრილთა, პატიმართა სია, გარდა ამისა, ათასობით ბავშვია, არიან ქალები, არის სხვა პრობლემები.

თუ ჩვენ შევძლებთ „სტამბოლის პლატფორმის“ შექმნას, ეს საკითხები უფრო მარტივად შეიძლება განიხილებოდეს. ჩვენ ამ მექანიზმის შექმნის პროცესში ვართ“, – განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა, შერეფ მალკოჩმა.

როგორც მალკოჩმა აღნიშნა, თურქეთი მზადაა სტამბოლში ნებისმიერი გაცვლისთვის ჰუმანიტარული დერეფანი შექმნას.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლობა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები