მიხეილ სააკაშვილის სამოსი დაკარგული ნივთების ბიუროში გადაიტანეს
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილი შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო დაკარგული ნივთების ბიუროში გადაიტანეს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შეიძინა, დღეს მისმა წარმომადგენელმა მთავრობის კანცელარიაში მიიტანა. აღნიშნული ნივთები კანცელარიამ არ მიიღო, სწორედ ეს გახდა ნივთების ბიუროში გადატანის საფუძველი. რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის – შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები და პალტო მიიტანა.