დავით ქართველიშვილი: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში”, ის უკეთ არის დაცული სავალუტო კრიზისებისგან და გარე შოკებისგან
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებულ ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც 6.16 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ტელევიზიებიდან ქვეყნის შესახებ სხვადასხვა სახის უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ისტორიულად რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შესახებ მოსახლეობა ვერ გაიგებს.
„რას არ გაიგებ შენს საკუთარ ქვეყანაზე უსამშობლო ტელევიზიებიდან… აი, მაგალითად ამას ვერ გაიგებ ვერასდროს – საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 6,16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და „ისტორიული მაქსიმუმი” დააფიქსირა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიური მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 2025 წლის დეკემბერში 38%-ით გაიზარდა. აქედან, ოქრო – საერთაშორისო რეზერვების 16,3%-ს, ანუ დაახლოებით 1,002 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მესმის, სავსებით “ლოგიკურია” შეკითხვა, და ჩვენ ამით რა, “ეროვნული რეზერვები ვჭამოთ”, როდესაც პენსიები ასეთი დაბალი რაოდენობრივი ტემპით იზრდება? ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების დანაზოგი თითოეულ პენსიონერს რომ დავურიგოთ, გამოვა ხელზე 12 ათასი დოლარი, აქედან ორი ათასი “შავი დღის” ფონდში, ხოლო 10 ათასი ოჯახის დანარჩენ წევრებზე განაწილდებოდა. საზოგადოების “დანარჩენ ნაწილს” კი ჩვენი “ქოცური” გამაღიზიანებელი ენით მაინც უნდა ავუხსნათ, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენენ.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში”, ის უკეთ არის დაცული სავალუტო კრიზისებისგან და გარე შოკებისგან, შეუძლია ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაცია, საგარეო ვალდებულებების შესრულება და ინვესტორებისა და კრედიტორების ნდობის ზრდა. აი, რას ვერ გაიგებ “დამოუკიდებელი ჟჟჟურნალისტური” არხებიდან, ხოლო ჩვენ, “დამოკიდებულებმა”, მოსახლეობის სწორი ინფორმირების მიზნით, მაინც ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ…” – წერს დავით ქართველიშვილი.