ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი 21-22 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ზვარტნოცის აეროპორტში ოფიციალური დახვედრის ცერემონიით დაიწყება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან, რის შემდეგაც საქართველოს და სომხეთის მთავრობის წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომეხი კოლეგა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტ, სერჟ სარგსიანთან; შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დელეგაცია ქალაქ ერევანის ბრენდის კომპანიის კონიაკის ქარხანას ეწვევა. დაათვალიერებენ უძველეს ხელნაწერთა ინსტიტუტის მატენადარანის ექსპონატებს. საქართველოს დელეგაცია სომხეთს 22 აგვისტოს დატოვებს. დელეგაციაში, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე შედიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები