21 გამოვლენილი და 3 ფატალურად დასრულებული შემთხვევა – საქართველოში ყირიმ-კონგოს ებრძვიან
საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების 21 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა მრავალმხრივი პროფილაქტიკური სამუშაოები აუცილებელია.
“ყირიმ-კონგოს დაავადება ვირუსით გამოწვეული საშიში ინფექციაა. დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანია მაღალი სიცხე. ცხელებითი დაავადებები ხშირად ვერ დიფერენცირდება, ასეთი სიპმტომები ძალიან ბევრ დაავადებას ახასიათებს. ამიტომ 2009 წლამდე ვერ ხერხდებოდა დიაგნოსტიკა. პირველი დიაგნოსტიკა, პირველი შემთხვევა 2009 წელს გამოვლინდა, 2012-შიც ერთი შემთხვევა გვქონდა. 2013-ში გვქონდა 13 შემთხვევა, წელს გვაქვს 21 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, აქედან სამი დასრულდა ფატალურად. ყველაზე ბევრი შემთხვევა გვაქვს ხაშურისა და შიდა ქართლში. ეს არის ტიპური ზოონოზური დაავდება, ამ შემთხვევაში გადამტანია ტკიპა, რომელიც საქართველოში ბევრგან ბინადრობს. ეს ძირითადად დაკავშირებულია საქონლის არასათანადოდ მოვლასთან, მსხვილფეხა საქონელი უნდა მუშავდებოდეს ტკიპის საწინააღმდეგო ნივთიერებით. ფერმერებმა უნდა დაიცვან პრევენციული და პროფილაქტუკური ზომები, საქონელთან იმუშაონ პირბადით, ხელთათმანებით და ა.შ. გარდა ამისა სასურველია მოხდეს ამ რეგიონებში გარემოს დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით”, – განაცხადა გამყრელიძემ.