გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ბისლი 349 მილიონამდე იმ ადამიანების ზრდას პროგნოზირებს, რომლებსაც საკვების მწვავე დეფიციტი შეეხება.
ამის შესახებ მან ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა.
კონფლიქტებისა და ჯანდაცვაში შექმნილი ვითარების გარდა, შიმშილის ზრდის მიზეზად ბისლიმ დაასახელა სასუქებზე მაღალი ფასები, გვალვა, მიწოდების ჯაჭვის მოშლა, საწვავის ფასებისა და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა.
„როდესაც 6 წლის წინ თანამდებობა დავიკავე, შიმშილით 80 მილიონი ადამიანი იტანჯებოდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, მათი რიცხვი 135 მილიონს აღწევდა – კონფლიქტებისა და კლიმატური შოკების გამო. პანდემიის შედეგად, ეს რიცხვი 276 მილიონს მიაღწია. და ეს ყველაფერი ეთიოპიაში, უკრაინასა, და ავღანეთში შექმნილ ვითარებამდე. ამას დავამატოთ სასუქებზე ფასების ზრდა, გვალვები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება, საწვავის ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების ზრდა, და მივიღებთ 349 მილიონ ადამიანს, რომლებსაც შიმშილი ეხება. სავსებით შესაძლებელია, რომ 2023 წელს ყველასთვის საკმარისი საკვები აღარ გვქონდეს”,- თქვა მან.
ბისლის თქმით, მხოლოდ უკრაინას შეეძლო 400 მილიონი ადამიანის გამოკვება.
„მსოფლიოს ყველაზე დიდი მარცვლეულიდან ჩვენ პურის რიგებზე გადავედით“, – თქვა მან და დასძინა, რომ „იმედგაცრუებულია მსოფლიო ლიდერებით“, რომლებსაც არ შეუძლიათ სერიოზული პრობლემების გადაჭრა – უკრაინაში, იემენში, ეთიოპიაში.