„დროშის პატივისცემა საქართველოს პატივისცემას, ქართული სახელმწიფოებრიობის დაფასებას ნიშნავს“ – 14 იანვარს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

„დროშა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, მისი პატივისცემა საქართველოს პატივისცემას, ქართული სახელმწიფოებრიობის დაფასებას ნიშნავს“ – ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა განაცხადა.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მირიან ხოსიტაშვილმა და ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელიც ხვალ, 14 იანვარს აღინიშნება.

საქართველოს სახელმწიფო ეროვნული დროშა გერბთან ერთად სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლოა. საქართველოს ყველა მოქალაქე, გარკვეულწილად, ვალდებულია, დროშას, როგორც ქვეყნის სიმბოლოს პატივი სცეს. კარგად ვიცით, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეროვნულ დროშას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, ეს როგორც სახალხო ამბად იქცევა ხოლმე. ჩვენთვისაც, ქართველებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 14 იანვარი, როგორც დროშის აღნიშვნის დღე, განსაკუთრებულია. ამ მხრივ ეროვნული ბიბლიოთეკა ბევრ აქტივობას აკეთებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ადგილი, სადაც ხუთჯვრინი დროშის მიღება-არმიღებაზე იყო მსჯელობა, სწორედ ეროვნულ ბიბლიოთეკაშია, საკონფერენციო დარბაზია, სადაც ზუსტად 20 წლის წინ ჰერალდიკის საბჭო სხვა სპეციალისტებთან ერთად იყო შეკრებილი და მსჯელობდნენ, შეეცვალათ, თუ არა სახელმწიფოს ეს სიმბოლო. ამ დარბაზს უკვე ეროვნული დროშის დარბაზი ჰქვია, სადაც პორტუანებია განთავსებული. ესაა საკონფერენციო სივრცე და იქ თავს უამრავი ადამიანი იყრის ხოლმე. სიმბოლური იყო, რომ ადამიანების სანახავად ის პორტუანები გამოვიტანეთ, რომლებზეც შუა საუკუნეების განმავლობაში ევროპელმა მოგზაურებმა საქართველოს აღმნიშვნელად სწორედ ხუთჯვრიანი დროშა გამოსახეს. ყველას შეუძლია, პრაქტიკულად, ისტორიული დოკუმენტები ნახოს – რატომ გვაქვს სახელმწიფო სიმბოლოდ ხუთჯვრიანი დროშა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ საქართველოს ის დროშაა, რომელიც 2004 წელს პარლამენტში იყო გადმოფენილი და ხელი როგორც სიმბოლოს მოეწერა.

მოგეხსენებათ, ეროვნული ბიბლიოთეკა რეგიონული, სასოფლო ბიბლიოთეკების მეთოდური ხელმძღვანელია. წელს ჩვენი მნიშვნელოვანი აქტივობა იმას გულისხმობს, რომ ყველა, სასოფლო, თუ მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში დროშებს გავავრცელებთ, არა მხოლოდ14 იანვარს, არამედ მთელი წლის განმავალობაში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა. სოფლად, თუ ქალაქად ბიბლიოთეკებში შეიკრიბებიან ახალგაზრდები, უფროსი თაობა, თემატური მსჯელობა იქნება, თუ რატომ უნდა იყოს დროშა განსაკუთრებულად პატივცემული, რატომ უნდა მიაგონ პატივი. სასოფლო ბიბლიოთკებსაც სიმბოლურად დროშებს დავურიგებთ. ყველგან, საბიბლიოთეკო სივრცეში, სადაც ადამიანი შევა, ეროვნული სიმბოლიკა დახვდება. ვეცდებით, დროშების იმდენად დიდი რაოდენობა წავიღოთ, რომ ნებისმიერმა ვიზიტორმა ბიბლითეკიდან სახლში სიმბოლურად პატარა დროშის წაღება შეძლოს. დროშა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოა, მისი პატივისცემა საქართველოს პატივისცემას, ქართული სახელმწიფოებრიობის დაფასებას და პატივისცემას ნიშნავს.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გარკვეული ტექსტი შევქმენით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეროვნული დროშა, თავის ისტორიით, რატომ მაინც და მაინც ხუთჯვრიანი დროშა. ყველა დოკუმენტი ერთ თემადაა მოქცეული. სასოფლო, მუნიციპალურ ბიბლიოთკებს, ბიბლიოთეკარებს ამ ტექსტს ვურიგებთ, რათა ახალგაზარდებს გააცნონ,“- განაცხადა ხოსიტაშვილმა.

გოგა ჩანადირმა მოქალაქეებს მოუწოდა, 14 იანვარს, აივნებიდან, სარკმლებიდან დროშა გადმოფინონ. მისი თქმით, დროშა ჩვენი ეროვნული სიმბოლოა, რომელსაც დიდი ძალა და მუხტი აქვს.

„ჩემ გვერდით მირიან ხოსიტაშვილია, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე. მირიანი და მე თანამოაზრეებთან ერთად უკვე რამდენიმე წელია ვცდილობთ, სახელმწიფო დროშის დღე აღვნიშნოთ. დღევანდელი დროშა 19 წლისაა. 2004 წლის 14 იანვარს პარლამენტმა ეს დროშა როგორც ეროვნული სიმბოლო დაამტკიცა. გვინდა, რომ მომავალ წელს, 20 წლის თავზე, დროშის დღე ჩვენ უფრო მასობრივად აღვნიშნოთ. რას ნიშნავს მასობრივად აღნიშვნა: ბოლოს და ბოლოს იქამდე მივიდეთ, რომ ეს დროშა მაღლა ავწიოთ, აივნებიდან, სარკმლებიდან გამოვფინოთ, ერთხელ მაინც თან ვატაროთ. კი არ შევახსნეოთ ერთმანეთს როგორია ჩვენი დროშა, არამედ სულ უფრო მეტად დავუმტკიოთ, როგორ გვიყვარს, შევახსენოთ ის, რომ დროშა ჩვენი ეროვნული სიმბოლოა და ამ ეროვნულ სიმბოლოს დიდი ძალა, მუხტი აქვს. როდესაც მსოფლიო, ოლიპურ და ევროპის პირველობებზე ჩვენი რომელიმე სპორტსმენი, ან გუნდი გაიმარჯვებს, დიდი სიამაყით თვალებიც კი გვიცრემლიანდება, როცა ვხედავთ, რომ ეროვნული ჰიმნი ჟღერდება და ეროვნული დროშა მაღლა აიწევა ხოლმე. დაე, ჩვენი დროშის მაღლა აწევის მიზეზი ყოველთვის გვქონდეს და გვინდა, რომ ამას უფრო მეტად მივეჩვიოთ. მეზობელ თურქეთში რომ ჩახვიდეთ, ყოველ ნაბიჯზე ნახავთ, როგორ ყველგან არის დროშა. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არაა. უფრო მეტიც, რამდენიმე ადგილას ვნახე კიდეც, დაფლეთილი დროშა ფრიალებს, მათ შორის ციხე-სიმაგრეებზე, ზოგიერთ კერძო დაწესებულებაზე, ვცდილობ ხოლმე მოვუწოდო, მივმართო მათ, რომ დროშა გამოცვალონ, იცით, რომ ეს კანონის დარღვევაა. დროშა დაფლეთილი არ უნდა იყოს, ის, შეიძლება, ომში დაიფლითოს, მაგრამ როდესაც რომელიმე შენობაზე დაფლეთილი დროშაა ჩამოკიდებული და ყურადღებას არ აქცევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ დამოკიდებულება გაუბრალოებულია. ჩვენ არ გვინდა, რომ დროშა ფორმალურად იყოს აფრიალებული, მისი ფრიალი ჩვენი გულის ძგერასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მირიანთან ერთად არაერთი იდეა განგვიხილავს და ჩვენი სურვილია, ეროვნული დროშებით ერთხელ დიდი მსვლელობა მოვაწყოთ და მთელი ქუჩები ხუთჯვრიანი, მართლა საამაყო დროშით აჭრელდეს, რომლის პირველი ნიშნებიც უდის მონასტერშია. იცით, რომ იქ ბარელიეფებია, სადაც პირველი ხუთჯვრიანი დროშებია. არის V-VI საუკუნის ბარელიეფები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველებისთვის ეს უცხო არ იყო, პირიქით, ახლობელი სიმბოლო იყო. დღეს უნდა ვთქვათ, რომ ეს ჩვენი მთავარი სიმბოლოა და რატომაც არა, ამ მთავარი სიმბოლოთი, მომავალი წლის 14 იანვარს დაე, მთელი ქუჩები იყოს აჭრელებული.
მე ამ დღეს ტრადიციულად ინდივიდუალურად აღვნიშნავ ხოლმე. მთელ დღეს დროშით დავდივარ. წელს არის შემთხვევა, როცა იორდანიაში მივემგზავრები. იქ ჩვენს დროშას 30 ადამიანთან ერთად აღვმართავ. მინდა, ჩემი დღევანდელი გამოსვლა დროშასთან დაკავშირებით უფრო მეტ მოწოდებას ემსახურებოდეს, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო მეტ გასახალხოებას. თუნდაც აივნიდან დროშის გადმოსაკიდად რაიმე განსაკუთრებული აქტივობა სულაც არ არის საჭირო.

ჩვენს ამ სიმბოლიკას სიამაყით ვატარებ. მე საქართველოს დიდი დროშა მაქვს. ის არაერთ ქვეყანაში ყოფილა, მათ შორის, იაპონიაში, რაგბის პირველობაზე ფრიალებდა, როცა საქართველომ ურუგვაის ნაკრებს მოუგო. ჩვენ უნდა შევიყვაროთ, დროშის მიმართ უფრო გულწრფელი და გულთბილი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. სულ მახსენდება 9 ძმა ხერხეულიძე, როცა ერთ-ერთ მათგანს დროშა გაუვარდა, ის მეორემ ასწია, შემდეგ მესამე, მეოთხემ, მეცხრემ, მეცხრეს რომ დაუვარდა, შემდეგ დროშა დამ ასწია, დაც რომ დაეცა, დროშა დედამ ასწია. დროშა გამარჯვების,იამაყის სიძლიერის, სიმტკიცის, ერთიანობის,სახელმწიფოს სიმბოლო იყო. ჩვენი დროშა სულ უნდა ფრიალებდეს“ – განაცხადა გოგა ჩანადირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები