პრემიერი: დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ იმას, რომ სოლიდარობის განცდა ცხოვრების წესად გვექცევა
ჩვენი მთავრობა მუშაობს ისეთ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც მთლიანად ადამიანზეა ორიენტირებული; ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობისა და სოლიდარობის განცდის დამკვიდრებას, საბოლოოდ კი სოლიდარული საზოგადეოების ჩამოყალიბებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია ცივილიზებული სახელმწიფო და ცივილიზებული საზოგადოება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ერთსულოვნების გარეშე, ქვეყანას, რომელიც ახლა იწყებს ფეხზე დადგომას, ძალიან გაუჭირდება ერთბაშად ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ. „სამოქალაქო სოლიდარობის გარეშე არათუ ჩვენნაირ სახელმწიფოს, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ ყველა პრობლემის დაძლევა. სწორედ ამ პროცესის ერთ-ერთ უპირველეს ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ დაფუძნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, 2013 წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი და 2 მილიონზე მეტი მოქალაქე, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი სამედიცინო დაზღვევა, უკვე სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, თუმცა, გადაუჭრელი დარჩა მთელი რიგი ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, რომლებიც დღეს არსებული სახელმწიფო რესურსებით, სამწუხაროდ, სრულად ვერ იფარება. „სწორედ ამ საკითხის გადასაჭრელად გამოვედით ინიციატივით და შევქმენით ფონდი, რომლის საქმიანობაც ითვალისწინებს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამონაწილეობას იმისათვის, რომ მოხდეს ალტერნატიული არასაბიუჯეტო რესურსების მობილიზება. ამით შესაძლებელი გახდება ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული და თითქმის გადაუჭრელი საკითხის მაქსიმალურად მოგვარება – ამ ფონდის მეშვეობით ჩვენ, მთელი საზოგადოება, ჩვენი სოლიდარობით შევძლებთ უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსებას და პრიორიტეტული სოციალური საჭიროებების დაფინანსებას”, – აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ფონდში რესურსების მობილიზება მოხდება სოლიდარობის პრინციპით – ინდივიდუალური მოქალაქეებისა და კორპორაციების ნებაყოფლობითი მცირე შენატანებით – დონაციებით. ამასთან, ფონდი იმუშავებს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მის მმართველობას განახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო და მუდმივმოქმედი კომისია. ფონდის შემადგენლობაში სამთავრობო სექტორთან ერთად ჩართული იქნებიან არასახელმწიფო, არასამთავრობო, კერძო სექტორის, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ ფონდის გამჭვირვალობასა და თანხების მიზანმიმართულად გამოყენებაში ეჭვს ვერავინ შეიტანს.
„იმედი მაქვს, ფონდის ეფექტიანი ამოქმედებით ქვეყანა შეძლებს ონკოლოგიური პაციენტების პრობლემის დაძლევას. ფონდის საქმიანობის ეტაპობრივად გააფართოება კი, საშუალებას მოგვცემს სხვა ყველაზე მწვავე სამედიცინო და სოციალურ საკითხებსაც გავუმკლავდეთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ 14 ათას საჯარო მოხელეს, რომელიც ფონდის ინიციატივას ივლისში შეუერთდა, ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც ფონდში ნებაყოფლობით თუნდაც 1 ლარი გადარიცხეს. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მივაღწევთ იმას, რომ სოლიდარობის განცდა და ურთიერთდახმარება ცხოვრების წესად გვექცევა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.