ელვის პრესლის ერთადერთი შვილი გარდაიცვალა
როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი – ლიზა მარი პრესლი, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
TMZ-ის ცნობით, პრესლი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალს გული გაუჩერდა და პულსის აღსადგენად ადრენალინის ინექცია გაუკეთეს.
ლიზა მარი პრესლი 1968 წელს მემფისში დაიბადა და გახდა მამის ქონების ერთადერთი მემკვიდრე ცხრა წლის ასაკში, როდესაც ელვის პრესლი მოულოდნელად გარდაიცვალა.
2003 წელს მან გამოუშვა თავისი პირველი სოლო ალბომი – “To Whom It May Concern”, რომლის ასეული ათასი ეგზემპლარი გაიყიდა და კრიტიკოსებმაც კარგად მიიღეს. 2005 წელს გამოვიდა მისი მეორე ალბომი -“Now What”, ხოლო 2012 წელს მესამე და ბოლო – “Storm and Grace”.
1994 წელს იგი მაიკლ ჯექსონზე დაქორწინდა, პირველი ქმრისგან, მომღერალ – დენი კეოგთან განქორწინებიდან სულ რაღაც 20 დღის შემდეგ. ჯექსონი და პრესლი 1996 წელს განქორწინდნენ.
2002 წელს ლიზა მარი პრესლი მსახიობ ნიკოლას კეიჯს გაყვა ცოლად, მაგრამ კეიჯმა განქორწინება, სულ რაღაც ოთხ თვეში მოითხოვა.
ლიზა მარი პრესლის მეოთხე ქორწინება უკავშირდება მის გიტარისტს და მუსიკალურ პროდიუსერს – მაიკლ ლოკვუდს, რომელიც 2021 წელს განქორწინებით დასრულდა.
მას სამი შვილი ჰყავდა, ერთ-ერთმა – ბენჯამინ კეოგმა, 2020 წელს თავი მოიკლა.
უკანასკნელად ლიზა მარი პრესლი საზოგადოებაში ლოს – ანჯელესში, 10 იანვარს “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა.
დაჯილდოებაზე მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი ოსტინ ბატლერმა მიიღო, რომელმაც ფილმში “ელვისი” მისი მამა განასახიერა.