ილია მეორე: წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება, ეს პროცესი, დაწყებულია

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლს მიმართა. “დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, როდის მოხდება ფერიცვალება საქართველოში და დაწყებულია თუ არა ეს ფერიცვალება? მრავალი განსაცდელის წინაშე დგას კაცობრიობა, კაცობრიობა თანდათან კარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო კი პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება, ეს პროცესი, ეს ფერიცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისათვის”, – აღნიშნა უწმინდესმა.
მისივე თქმით, სამთავროს დედათა მონასტერი წმინდა ადგილია.
“ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერიცვალება, მადლი, რომელიც შეცვლის ჩვენს ფიზიკურ და სულიერ ბუნებას. საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ამ ფერიცვალებაში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, და ღმერთმა ინებოს წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული გაძლიერდეს ჩვენში”, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას. პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია თბილისში ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მოხატვა, მან მიმართა საზოგადოებას, ვისაც საშუალება აქვს, მხატვრებს დაეხმაროს.
ქადაგების შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში ახალი ხილი აკურთხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები