რატი იონათამიშვილი: გავრცელებული ჩანაწერი, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ
გავრცელებული ჩანაწერი, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ფიგურირებს.
„გავრცელებული ჩანაწერიდან, რომელიც, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიება არის მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, ერთი მთავარი საკითხი ჩანს, რომ ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე არიან აგენტები, მათ არ გააჩნიათ არანაირი ეროვნული ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პარტნიორების ინტერესებით მოქმედებენ. მაგრამ ერთი რამ არის ძალიან კარგი, რომ ყველაფერ ამას თავად ამტკიცებენ და ასაჯაროვებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა, რომლის კომენტარსაც “პირველი არხი” ავრცელებს.
დღეს „რუსთავი 2“-მა გაავრცელა აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი.