ლუკ კოფი: რუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში შესაძლოა, ვიხილოთ აფხაზეთისა და ცხინვალის გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან

რუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, ვიხილოთ აფხაზეთისა და ცხინვალის გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან, – ამის შესახებ ამერიკის ჰადსონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ლუკ კოფიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“, ხათუნა ლაგაზიძესთან ინტერვიუში განაცხადა.

ლუკ კოფი მოუწოდებს დასავლეთის პოლიტიკოსებს, დაიწყონ დაგეგმვა, როგორ უნდა დაეხმარონ საქართველოს ტიპის ქვეყნებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკურ აღორძინებაში.

„ბევრი ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაინგრა. მე კი მიმაჩნია, რომ  საბჭოთა კავშირის კოლაფსი ახლაც გრძელდება. ვფიქრობ, ისტორიას აქვს დროის შეკუმშვის უნარი. მგონია, რომ დღეიდან 200 წლის შემდეგ, როდესაც ისტორიკოსები საბჭოთა კავშირის დაშლაზე ისაუბრებენ, ისინი 2022 წლის 24 თებერვალს შეაფასებენ, როგორც საბჭოთა კავშირის ნგრევის ფინალურ და შედეგიან აქტს. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ როდის და როგორ დაიშლება რუსეთი და არც ამ პროცესის ადვოკატირებას ვახდენ ჩემს ანალიზში. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ მზადება ამ სრულიად რეალისტური სცენარისათვის.

იმ შემთხვევაში თუ რუსეთის კოლაფსი მოხდება, ჩვენ ინსტიტუციურადაც მზად უნდა ვიყოთ ამისათვის და მექანიზმებიც მოქმედებაში უნდა იყოს მოყვანილი, რომ ასპირანტი ქვეყნები სწრაფად გავაწევრიანოთ ალიანსში, იმ შემთხვევისთვის თუ რუსეთში ხელისუფლების ჩამოშლის შედეგად სრული ქაოსი დაიწყება. რა თქმა უნდა, გაწევრიანების ამ ტალღამ უნდა მოიცვას საქართველოც.

მეორე საკითხი, რომელიც რუსეთის კოლაფსის პირობებში დღის წესრიგში დადგება, არის ნებისმიერი შიდა კონფლიქტის ბრძოლის, აჯანყების შეკავება რუსეთის საზღვრებში. ეს პროცესები – ბრძოლა და ამბოხი შეიძლება, განვითარდეს უშუალოდ საქართველოს საზღვრის გასწვრივაც.

მე მოვუწოდებ დასავლეთის პოლიტიკოსებს, დაიწყონ დაგეგმვა როგორ უნდა დაეხმარონ საქართველოს ტიპის ქვეყნებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და ეკონომიკურ აღორძინებაში, როდესაც საქმე ეხება ოკუპირებულ რეგიონებს, აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ-ოსეთს.

რუსეთში ხელისუფლების სრულად ჩამოშლის შემთხვევაში ჩვენ შეიძლება, ვიხილოთ აფხაზეთისა და ცხინვალის გათავისუფლება რუსული ოკუპაციისგან და ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი ამ რეგიონებში ეკონომიკური აღმავლობის და სხვა სახის დახმარების გზით“, – განაცხადა ლუკ კოფიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები